მწერალი დათო ტურაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„ვიცი, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, მაგრამ მე მაინც თვალები ცრემლებით მევსება, როცა თბილისში ადამიანებს არბევენ, რადგან ის საშინელი სითხე თვალებს მეც მიწვავს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან საკმაოდ შორს ვარ.
ვარ საფრანგეთში, იქ, სადაც 1713 წელს სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთის მეფესა და სხვა ევროპელ მონარქებს საქართველოს დახმარებასა და ევროპულ მფარველობას სთხოვდა თვალცრემლიანი და რას წარმოიდგენდა სულხან-საბა, რომ 300 წლის შემდეგ პირიქით მოხდებოდა. დაუჯერებელია, მაგრამ ახლა ევროპელები გვთხოვენ, რომ გამოვიყენოთ ისტორიული შანსი და ჩვენ კი უარს ვამბობთ იმ არჩევანზე, რომელიც ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა თუ ილია ჭავჭავაძემ გააკეთეს.
თუმცა დიდმა საბამ ისიც არ იცოდა, რომ მალე, მისი გარდაცვალებიდან თითქმის ასი წლის შემდეგ, საქართველოს ისეთი ბოროტი მტერი დაიპყრობდა რუსეთის იმპერიის სახით, რომ ამ ბოროტებასთან ბრძოლა, ჩვენ შვილებსაც კი მოუწევდათ ოცდამეერთე საუკუნეში.
ჩვენი შვილები ახლა რუსთაველზე დგანან და ისე იბრძვიან, როგორც მანამდე ჩვენ ვიდექით და ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, როგორც უფრო ადრე ჩვენი მშობლები და კიდევ უფრო ადრე მათი მშობლები იბრძოდნენ უკეთესი საქართველოსთვის და ეს ბრძოლა 1801 წელს დაიწყო და მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როცა საქართველო რუსეთის იმპერიას თავს დააღწევს. სამწუხაროდ ეს არ ესმის რუსულ ხელისუფლებას და ვერც იმას ხვდება თუ რა გენეტიკური, კულტურული და ისტორიული კავშირი გვაქვს ევროპასთან და რატომ არ ვამბობთ უარს იმ ნაბიჯზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, ფარნავაზ მეფემ გადადგა. რუსებმა არათუ საქართველოს შორეული წარსული, საქართველოს უახლესი ისტორიაც არ იციან და ამიტომაც ვერასოდეს გაიგებენ თუ რატომ შეეწირა საქართველოს თავისუფლებას ამდენი ქართველი მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებშიც კი – მაშინაც კი, როცა თავისუფლებაზე ფიქრიც კი საშიში იყო.
არადა სწორედ თავისუფლება არის ჩვენი არსებობის მთავარი წყაროც, გამართლებაც და მიზანიც, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლეზეც მეტია და ზოგჯერ ამ ბრძოლაში ვმარცხდებით კიდეც, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად არ შეგვიძლია, რადგან სხვებმა თუ არა, ჩვენ ხომ მაინც ზუსტად ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა, ისეთივე ბედნიერებაა, როგორც თავისუფლებით ტკბობა და აზროვნება.
და რაც მთავარია, ჩვენ ისიც ვიცით, რომ თუ თავისუფლებისთვის ბრძოლას შევწყვეტთ, ჩვენ აღარ ვიქნებით საქართველო – ამიტომაც მადლობა ყველას, ვინც არის საქართველო და ოთარ ჭილაძისა არ იყოს, თავისუფლებისთვის იბრძვის და იბრძვის, იბრძვის და იბრძვის…“