ფრანგმა სამართალდამცავებმა დააკავეს პარიზის ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი კიდევ 5 პირი. პარიზის პროკურორმა ლორ ბეკომ რადიოსადგურ RTL-ს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილები 29 ოქტომბერს, საღამოს დააკავეს პარიზსა და სენ-დენიში. ლუვრის ერთ-ერთი გალერეიდან მოპარული სამკაულები ჯერჯერობით არ უპოვიათ.
ამჟამად დაკავებულია სულ 7 ეჭვმიტანილი.
26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პოლიციამ დააკავა ძარცვაში ეჭვმიტანილი 2 პირი. გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, მათ ბრალი ნაწილობრივ აღიარეს. მედიის ცნობით, ერთი დაკავებული ალჟირის მოქალაქეა, რომელმაც გამომძიებლებს უთხრა, რომ კურიერად მუშაობდა.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით, შვიდი ეჭვმიტანილიდან სამი იყო იმ ოთხ მძარცველს შორის, რომლებმაც მშენებლების უნიფორმით და ავტოამწის დახმარებით უშუალოდ შეაღწიეს ლუვრის გალერეა Apollo-ში და სამეფო კოლექციიდან სამკაულები მოიპარეს. მათი საერთო ღირებულება 88 მილიონი ევროა.
მსოფლიოში ცნობილი მუზეუმის, პარიზის ლუვრის გალერეა Apollo 19 ოქტომბერს, დილით გაძარცვეს.
ეს ლუვრში ჩადენილი ყველაზე რეზონანსული ქურდობაა 1911 წლის შემდეგ, როცა მუზეუმიდან მოიპარეს ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა”. ლუვრის იტალიელი თანამშრომლის, ვინჩენცო პერუჯას მიერ მოპარული შედევრი ორი წლის შემდეგ იტალიაში იპოვეს.

6 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·