დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „არასასურველ თანამშრომლებს“ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა

14 hours ago 1

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა რამდენიმე სოციალურ მუშაკს უარი უთხრა ხელშეკრულების გაგრძელებაზე. გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ცენტრი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს და ძირითადი დანაშაულთან შემხებლობაში მყოფ არასრულწლოვნებთან მუშაობა, დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

ანა ენდელაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ ცენტრში დაახლოებით ოთხი თვის წინ დასაქმდა. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მაშინ მან ხანგრძლივი თანამშრომლობის პირობა მიიღო და სწორედ ამის გამო დათანხმდა დედაქალაქიდან ქუთაისში გადასვლას.

„დამირეკეს და ტელეფონით გამაგებინეს, რომ 31 დეკემბრის შემდეგ აღარ გააგრძელებდნენ ჩემთან თანამშრომლობას“, - ამბობს ქუთაისის რეფერირების ცენტრის ერთადერთი სოციალური მუშაკი, ანა ენდელაძე.

ენდელაძის თქმით, ამავე ცენტრის ერთადერთ ფსიქოლოგსაც უარი უთხრეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე. რადიო თავისუფლებას „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებაში“ უთხრეს, რომ სოციალურ მუშაკებთან ერთად ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრეს რამდენიმე მედიატორსა და ფსიქოლოგს - ათამდე ადამიანს თბილისსა და ქუთაისში.

„არ არსებობდა კადრების შემცირების რაიმე საჭიროება, არამედ - პირიქით. მეტიც ქუთაისში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრიდან გაათავისუფლეს ერთადერთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ხოლო ამ სპეციალისტების მუშაობის გარეშე ცენტრის ფუნქციონირება შეუძლებელია“, - ამბობენ პროფკავშირებში.

რადიო თავისუფლებას დანაშაულის პრევენციის ცენტრში დაუდასტურეს პროფკავშირების გავრცელებული ცნობა თანამშრომელთა ნაწილისთვის ხელშეკრულების აღარ გაგრძელების შესახებ:

„თანამშრომლები, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებული, 31 დეკემბერის შემდეგ აღარ უგრძელდებათ ხელშეკრულებები... არ არიან სასურველი თანამშრომლები. ალბათ, არ არიან სასურველები“.

ანა ენდელაძეს ეჭვი უჩნდება, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან მასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი შეიძლება უკავშირდებოდეს მის ბოლოდროინდელ საჯარო აქტივობას. ის ერთ-ერთი იყო იმ სოციალურ მუშაკებს შორის, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს პოზიცია „ქართულ ოცნებაში“ 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

სრულად წაკითხვა