დარიალის „ნეიტრალურ ზონაში“  17 პირია, მათ დაბრუნებაზე განვაგრძობთ მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან – შსს

5 hours ago 1

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები.

შსს-ს განცხადებით, ქართული მხარე უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს ინტენსიურად აწარმოებს, რათა სასაზღვრო „ნეიტრალურ ზონაში“ ამ დროისათვის მყოფი პირები სამშობლოში დაბრუნდნენ.

„სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები.

ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს, ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მესამე ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა.

„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში” მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ გასული წლის ზაფხულში გახდა ცნობილი, როდესაც რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელები საქართველოს საზღვართან დატოვა.

მათ არ აქვთ უფლება, რუსეთში დაბრუნდნენ. თუმცა არც სხვაგან აქვთ წასასვლელი. ერთადერთი გზა მათი სამშობლოში დაბრუნებაა. თუმცა, ტექნიკურად, არც ამის მოხერხებაა მარტივი საქმე.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. კიევი რუსეთს სთავაზობს, მათი მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს.

სრულად წაკითხვა