მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვინისიუს ჟუნიორი, კლუბში დარჩენას გეგმავს და სამეფო კლუბთან ახალ, გრძელვადიან კონტრაქტზე შეთანხმდა. როგორც ესპანური გამოცემა AS იუწყება, 24 წლის ბრაზილიელი შემტევი "რეალთან" ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, ხოლო მის გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდი ევრო განისაზღვრება — ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი კომპენსაცია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
ვინისიუსი მადრიდის კლუბს 2018 წელს შეუერთდა რიო დე ჟანეიროს "ფლამენგოდან" და თავდაპირველად მეორე გუნდში (კასტილიაში) თამაშობდა. თუმცა, მისი პროგრესი იმდენად სწრაფი იყო, რომ მალევე მოიპოვა ადგილი მთავარ გუნდში და სწრაფად იქცა წამყვან ფიგურად. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მისი პროგრესი ბოლო სეზონებში, სადაც ვინისიუსი არა მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობებით, არამედ გადამწყვეტ მომენტებში თამაშის ბედის გადაწყვეტითაც გამოირჩევა.
ბრაზილიელმა უკვე 314 მატჩი ჩაატარა "რეალის" შემადგენლობაში, გაიტანა 105 გოლი და 82 საგოლე გადაცემა შეასრულა. განსაკუთრებული იყო მისი როლი 2021/22 წლების სეზონში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა "ლივერპულის" კარში და "რეალს" ლიგის ტიტული მოუტანა.