დაძაბული თამაშები: ტორპედომ და დილამ მოიგეს, თელავი-იბერია 1999 უგოლოდ დასრულდა

6 hours ago 5

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. მეათე ტურის სამი მატჩი გაიმართა და სამივე დაძაბული გამოდგა. ჩემპიონმა იბერია 1999-მა თელავში ფრედ ითამაშა, ქუთაისის ტორპედომ გაგრას სძლია, ხოლო გორის დილამ საგარეჯოს გარეჯს აჯობა.

თელავი 0:0 იბერია 1999

თელავმა ზედიზედ სამი მარცხის მერე ქულა აიღო, თანაც მოქმედ ჩემპიონთან და ლიდერთან. აი, იბერია 1999-ს კი ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მეორე ტაიმში არბიტრმა კობა რევაზაშვილმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების მერე შეცვალა გადაწყვეტილება.

ისე, იბერია 1999-მა განვლილი 10 მატჩიდან 7 გოლგაუშვებლად ჩაატარა. დარჩენილ სამ თამაშშიც მხოლოდ თითო გოლი გაუშვა.

ტორპედო 2:1 გაგრა

მატჩის წინ გუნდებმა პატივი მიაგეს ტორპედოს აკადემიის 15 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ბექა წვერავას ხსოვნას.

ქუთაისელებმა მოიგეს და მეხუთე ადგილზე გადავიდნენ, გაგრა კი მერვეზეა.

პირველ ნახევარში ერთი გოლი გავიდა, კერძოდ, მოჰამედ შერიფის ჩაწოდებას მოჰყვა ბიორნ იონსენის თავური და ტორპედო დაწინაურდა.

შემდეგ აქეთ-იქით მეკარეების მშვენიერი თამაში ვნახეთ, მაგალითად, ფილიპ კლიაიჩმა საოცრად აუღო თავური ნიკა კაჭარავას. თუმცა გაგრამ მაინც გაათანაბრა: ლევან გეგეჭკორის ჩაწოდება და ვანდერსონ სილვას თავური - 1:1.

აი, იონსენისა და ვანდერსონ სილვას გოლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.

გადამწყვეტი გოლი ბოლოს გავიდა. გაგრას კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, შეცვლაზე შესულმა ცოტნე ფაცაციამ შეასრულა, მცირე რიკოშეტიც დაეხმარა და საბოლოოდ, 2:1.

გარეჯი 0:1 დილა

ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. 65-ე წუთზე დილას მარცხენა მცველმა ზურაბ რუხაძემ ჩააწოდა, ბურთი მიიღო ჟან მარკ-ტიბუემ, რომელმაც არეულობაში კარგად ითამაშა, მცველს გასცდა და ახლოდან ზუსტად დაარტყა.

ეს ტიბუეს პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. დილა კი მესამე ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს.

გარეჯს რაც შეეხება, ბოლოსწინაზეა. გუნდს ერთი მოგება აქვს, მესამე ტურში ფოთელებთან.

erovnuliliga

სრულად წაკითხვა