„დედაჩემის ბრალია, რომ კლასელებმა ჩემი ნაწერები წაიკითხეს”

3 weeks ago 15

„დედაჩემის ბრალია, რომ კლასელებმა ჩემი ნაწერები წაიკითხეს"„სარკე“

გამარჯობა! მე 14 წლის გოგო ვარ და აღარ მინდა, სკოლაში ვიარო, რადგან კლასელების მრცხვენია. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ დედაჩემმა ძალიან იმეტიჩრა. აღარ იცის, როგორ შემავიწროვოს. დიახ, სწორედ მისი ბრალია, რომ კლასელებმა ჩემზე რაღაც-რაღაცები გაიგეს. ერთ ადგილას არაფერს მიჩერებს, ყველა ჩემს ნივთს ათვალიერებს. მის უჩუმრად ვერაფერი გამიკეთებია. სკოლიდან რომ მოვდივარ, ჩემს ჩანთას ქექავს, წიგნებს და რვეულებსაც კი თითო-თითო ფურცლად შლის. რას ეძებს, დღემდე არ ვიცი.

დედა ყველა წვრილმანში ერევა. არ არსებობს, თავისი აზრი არ გამოთქვას და შენიშვნა არ მომცეს. ვთქვათ, ლოგინში სხვა ღამის პერანგის ჩაცმა მინდა, მეტყვის, არა, ეს უნდა ჩაიცვაო. ვთქვათ, არ მინდა, ლოგინში წინდებით ჩავწვე, თავზე დამადგება და კიდეც რომ ვიტირო, მაინც ჩამაცმევს. სკოლის ტანსაცმელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. უკვე შეწინააღმდეგებასაც არ აქვს აზრი.

ახლა მამაჩემი მშველის. ბოლო დროს უთხრა, შენ ცუდი გემოვნება გაქვს და ბავშვს სავაჭრო ცენტრებში მე გავყვები ხოლმეო. ამოვისუნთქე! მართალია, მამა მოკლე კაბებს ან ისეთ რამეს არ მიყიდის, რაც თვითონ არ მოსწონს, მაგრამ მე ყველაფერი მომწონს, რასაც მამა მირჩევს. თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, მისი არჩეული არ მომწონებოდეს. დედამ შეიძლება ზუსტად ისეთი მოდელი მიყიდოს, როგორიც მამამ, მაგრამ ისეთ საშინელ ფერებს არჩევს, რომ ვერ ჩაიცვამ.

მე დედისერთა ვარ. ბავშვობიდან მიყვარს განმარტოება და წერა. სახლში რომ და-ძმა მყავდეს, მათთან ერთად გავერთობოდი, ახლა კი სულ უფროსებთან ერთად ვარ და მიჭირს მათი გაგება.

ახლაც ვინახავ ბავშვობის ძალიან ლამაზ ბლოკნოტს, სადაც მთელი დღის ამბებს ვწერდი. ერთხელ კი ვნახე, დედა კითხულობდა, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ვერაფერი ვუთხარი. ჩემს შვილზე ყველაფერი უნდა ვიცოდეო, მაშინაც ასე მითხრა და ახლაც ამას მიმეორებს.

მერე კომპიუტერში დავიწყე რაღაცების წერა. ჩემს ემოციებს იქ ვხარჯავდი, მაგრამ დედამ არ დამაცადა, ისევ დაიწყო ჩემს ნაწერებში ქექვა. პაროლი დავადე კომპიუტერს, მაგრამ გადაირია, მეც მჭირდება, მეც უნდა გამოვიყენო და პაროლი მითხარიო. თავი დავანებე იქ წერას და გადავწყვიტე, დამეწერა და შემენახა მობილურში, რომელსაც სკოლის ჩანთით ვატარებდი და ასეც მოვიქეცი.

ერთ დღეს ქართულის მასწავლებელმა სკოლაში რაღაც ღონისძიებაში ჩამრთო. იმ დღეს სხვა კლასში გამიყვანა, რომ რაღაცები გაგვემეორებინა. სიჩქარეში მობილური ჩანთაში, კლასში დამრჩა. ამ დროს ვიღაცას დაურეკია ჩემთან, კლასელებმა ტელეფონი ამოიღეს და

მერე ვითომ შაყირის მიზნით ჩემს ,,ფეისბუქში” დაიწყეს ძრომიალი. ტელეფონში ქექვისას კი ჩემს ნაწერებსაც გადააწყდნენ.

კლასში რომ შემოვედი, ბავშვები ერთ ადგილას იყვნენ შეჯგუფული და ჩემს ნაწერებს კითხულობდნენ. ყველას რაღაც ჩავარტყი თავში, მაგრამ რაღა დროს? იმის წაკითხვა მოასწრეს, რაც არ უნდა წაეკითხათ.

ჩემს დაქალს ერთი ბიჭი უყვარს. ეს საიდუმლო მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით და ამას ვმალავდით. მართლა ძალიან უყვარდა. რაღაც ოინებსაც ვიგონებდით, რომ ის ბიჭი ,,გაგვემწარებინა”. ამას არავის ვეუბნებოდი. მართლა ფეხებით რომ დავეკიდე ვინმეს, არავის ვეტყოდი. ტელეფონში კი მეწერა და იმ დღეს ყველამ წაიკითხა.

კლასში ერთი ამბავი ატყდა. ორივეს დაგვცინოდნენ. დაქალმა ტირილი დაიწყო. მერე მეჩხუბა, რატომ დაწერეო. ერთი ძალიან კარგი კლასელი გვყავს, ის ყველას უგებს. მოვიდა და დაგვამშვიდა, მერე რა, რომ გიყვარს, მე რომ ბიჭი ვიყო, მაგრად გამიხარდებოდაო. ბოლოს იმ ბიჭსაც უთხრეს, რომ ჩემს დაქალს უყვარდა და მან შემოუთვალა, რომ მის მიმართ გულგრილი არც ის იყო.

ახლა ისინი ერთმანეთს წერილებს სწერენ და სულაც არ რცხვენიათ, თქვან, რომ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მე მათ გამო საშინელი ამბები გადავიტანე. ყველაფერი კი დედაჩემის ბრალია. მან რომ ჩემს ნივთებში ქექვა არ იცოდეს და თავისუფლება მომცეს, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაყენებდა.

ახლა აღარაფერს ვწერ და ალბათ წერას არც აღარასოდეს მივუბრუნდები, იმდენად შემძულდა. დედა კი თავისას მაინც არ იშლის, ისევ ყველაფერი აინტერესებს. არ ვიცი, როგორ გადავაჩვიო, რომ ჩემს ნივთებს ხელი არ ახლოს.

„სარკის“ ერთგული მკითხველი

სრულად წაკითხვა