ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტ ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), განცხადებას ავრცელებენ და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მმართველი უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე მიმართვის გამო.
„როგორც ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, თანამომხსენებლები „მმართველ უმრავლესობას მოუწოდებენ, გადახედოს სარჩელს და ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა შეაჩეროს“.
თანამომხსენებლები წლის ბოლომდე აპირებენ თბილისში ფაქტების შემსწავლელი მისიის ფარგლებში ჩამოსვლას.
PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებას გამოეხმაურა სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა, რომ „სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშე არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო და არც ევროსაბჭოს იდეა არსებობს ამ უფლების აღიარების გარეშე“.
„ნებისმიერი სუბიექტის მიმართ ბრალდება იმის გამო, რომ მან საკუთარი უფლებით ისარგებლა და სასამართლოს მიმართა, ან ამ ძირეული პრინციპის გაუაზრებლობაა, ან ამ უფლების წართმევა. ერთიც და მეორეც შემაშფოთებელია“, - წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ „ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან გვაქვს“.
28 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ“ მედიას გააცნო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი სარჩელის შინაარსი. როგორც პარტიის ლიდერმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, მოითხოვენ სამი პარტიის აკრძალვას:
- „ნაციონალური მოძრაობა“;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“;
- ჩამონათვალში არ მოხვდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში აღარ მოითხოვენ კონკრეტული ინდივიდებისთვის საქმიანობის აკრძალვას.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, მოითხოვდნენ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას. გახარიას პარტიამ გუშინ, 28 ოქტომბერს, საპარლამენტო მუშაობა დაიწყო.
27 ოქტომბერს „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა "ქართული ოცნების" მიერ პარტიებისა და კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ კანონებთან დაკავშირებით. ისინი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.

1 day ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·