ოთხ დღეში 2025/26 წლების დიდი 10-ის გათამაშება იწყება. ახალ სეზონს ჩემპონატი ორი დებიუტანტით და განახლებული წესებით ხვდება.
გასული სეზონის შედეგების მიხედვით დიდი 10-ის საგზური მოიპოვეს და დებიუტანტები არიან გორის ‘გორი’ და თბილისის ‘წიქარა’. მათ გარდა საჩემპიონო რბოლაში ერთვებიან ბათუმის ‘ბათუმი’, ქუთაისის ‘აია’ და ‘არესი’, რუსთავის ‘ხარები’, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’, ასევე თბილისური გუნდები - ‘არმია’, ‘ხვამლი’ და ‘ლელო’.
გახსნითი მატჩი 5 სექტემბერს გორში, 17 საათზე დაიწყება და მასში დებიუტანტი ‘გორი’ ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ დაუხვდება. 6 სექტემბერს დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო’ ‘არმიას’ დიდ დიღომში, „ლელო-არენაზე’ 17 საათზე ერკინება, 19 საათზე კი კიდევ ერთი დებიუტანტი ‘წიქარა’ მოქმედ ჩემპიონ ‘ბათუმს’ „ავჭალაზე“ დაუხვდება. 7 სექტემბერს 17 საათზე ‘ყაზბეგი’ ‘ხარებს’ ასევე „ავჭალაზე“ მასპინძლობს, ხოლო ტური „ხვამლი არენაზე“ დასრულდება, სადაც ‘ხვამლი’ ‘არესს’ ეთამაშება.
ახალ სეზონს დიდი 10 ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებით ხვდება. მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, 20-წუთიანი და სრული წითელი ბარათი ყველა ელიტარულ ტურნირში დაინერგა. საქართველოს საშეჯიბრო კომიტეტმა და სამსაჯო კორპუსმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ეს წესი დიდ 10-შიც იმოქმედებს.
RUGBY.GE