WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

Meydan TV წერს, რომ აზერბაიჯანში დიდი აუდიტორიის მქონე “ტიკტოკერები” ხელისუფლების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ზოგი მათგანი სახელმწიფო ღონისძიებებზე იწვევენ, ზოგი კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალისა და ქცევის გამო დააკავეს ან ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

აზერბაიჯანეული მედიის ცნობით, ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე ტიკტოკერი დააკავეს და მათ 8-10 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებების საფუძვლად ძირითადად „საზოგადოებრივი მორალის“, „ეროვნულ-მორალური ღირებულებებისა“ და საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ ნორმები სახელდებოდა. გამოცემის მიხედვით, მათი კონტენტი ძირითადად რელიგიასა და ათეიზმს, პირდაპირ ეთერებს, მუსიკალურ და გასართობ ვიდეოებს ეხებოდა.

მედიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი საკითხი შესაძლოა არა კონკრეტული ტიკტოკერების კონტენტი, არამედ მათი დიდი და ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებული აუდიტორია იყოს. მათი შეფასებით, ადამიანს, რომელსაც ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს, მომავალში შეუძლია ფართო საზოგადოებას სწრაფად მიაწვდინოს ხმა სოციალურ ან პოლიტიკურ საკითხებზე, მაშინაც კი, თუ ის ამჟამად პოლიტიკურ თემებზე არ საუბრობს.

Meydan TV ასევე წერს, რომ 2026 წლის იანვრიდან აზერბაიჯანში მოქმედი ადმინისტრაციული ნორმა ინტერნეტში „საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფელი“ ქმედებებისა და „ეროვნულ-მორალურ ღირებულებებთან“ შეუსაბამო მასალის გარკვეულ შემთხვევებში 500-1000 მანათის ჯარიმას ან ერთ თვემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. იურისტების შეფასებით კი, ამ ტერმინების მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა მათი ფართო და შერჩევითი გამოყენების რისკს ქმნის.

სტატიაში მაგალითად მოყვანილია ბელარუსიც, სადაც ხელისუფლება თავდაპირველად დამოუკიდებელ ბლოგერებს აკავებდა და ზღუდავდა, მოგვიანებით კი გავლენიან ბლოგერებთან თანამშრომლობის უფრო სისტემურ მოდელზე გადავიდა – მათ სახელმწიფო ღონისძიებებსა და კამპანიებში რთავდა და მათი აუდიტორიის სახელმწიფო გზავნილებისთვის გამოყენებას ცდილობდა.

Meydan TV-ის შეფასებით, აზერბაიჯანშიც უკვე იკვეთება ორი პარალელური მიდგომა: ერთი მხრივ, დიდი აუდიტორიის მქონე ინფლუენსერების სახელმწიფო ღონისძიებებში ჩართვა, ხოლო მეორე მხრივ, ზოგიერთი მათგანის დაკავება. გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ტიკტოკერის მნიშვნელობა ხელისუფლებისთვის შესაძლოა განისაზღვრებოდეს არა მხოლოდ იმით, რას ამბობს ის დღეს, არამედ იმით, რამდენ ადამიანამდე შეუძლია მის სიტყვას ხვალ მისვლა.

ამავე სტატიაში რამდენიმე კონკრეტული ტიკტოკერი/ინფლუენსერია გამოყოფილი.

  • მაქსად ბაგიროვი („ჩევიკი“) – 10 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა. სტატიის მიხედვით, ძირითადად რელიგიასა და ათეიზმზე მსჯელობდა.
  • მუჯგან მამედზადე – 10 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა. ძირითადად პირდაპირ ეთერებს მართავდა, მაყურებლებთან საუბრობდა და კამათობდა.
  • სექინე აჰმედოვა – 10 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა. ძირითადად მუსიკალურ და გასართობ ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებდა.
  • სანურ აზიზოვა – 8 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა. მისი კონტენტი ძირითადად პირდაპირ ეთერებსა და მაყურებლებთან ურთიერთობას მოიცავდა.
  • უზიეირ აბასი – დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სტატიის მიხედვით, ის ძირითადად რელიგიასა და ათეიზმზე საუბრობდა. მისთვის კონკრეტული პატიმრობის ვადა სტატიაში არ არის მითითებული.
  • გიუნეშ მუსაევა („ილანლი ყიზ“ / „გველის გოგო“) – მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა თავად მოგვიანებით ვიდეოში თქვა, რომ ფსიქიატრიულში არ მოუთავსებიათ და პოლიციამ დააკავა. ძირითადად მუსიკალურ და გასართობ ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებდა