დიდი ბრიტანეთი უკრაინის აღდგენისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის 290 მლნ ფუნტს გამოყოფს

3 hours ago 4

გაერთიანებული სამეფო უკრაინის აღდგენისა და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად თითქმის 290 მილიონი ფუნტ სტერლინგის გამოყოფას აანონსებს.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის არასამხედრო საჭიროებებისთვის გაღებულმა დახმარებამ ჯამში 5.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

290 მილიარდამდე ღირებულების დახმარების პაკეტის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა გდანსკში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, თუმცა ის მოიცავს 210 მილიონ ფუნტ სტერლინგს ბირთვული საწვავის გარიგებისთვის, რომლის შესახებაც 16 ივნისს გახდა ცნობილი და ანტიკორუფციულ დაფინანსებას.

„დიდი ბრიტანეთი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით არა მხოლოდ დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, არამედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მას ჰქონდეს ძალა მომავალი აღდგენისთვის — ეს აუცილებელია რუსული აგრესიის გრძელვადიანი შეკავებისთვის. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გადაუდებელი და აუცილებელი პირობაა. უკრაინას სჭირდება გრძელვადიანი მხარდაჭერა როგორც კონფლიქტის დასაძლევად, ისე მომავალი აღმშენებლობისთვის. სწორედ ამიტომ, წლევანდელ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ჩვენ ვაანონსებთ მრავალმილიონიან პაკეტს უკრაინის სახლებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ენერგიით უზრუნველსაყოფად, ბიზნესის მხარდასაჭერად და განათლებისა და მართლმსაჯულების სისტემების გასაუმჯობესებლად“, — განაცხადა ივეტ კუპერმა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, დახმარების ახალი პაკეტი გააძლიერებს უკრაინის ენერგოუსაფრთხოებას 210 მილიონი ფუნტის ღირებულების შეთანხმების გზით, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული კომპანია Urenco ბირთვულ საწვავს მიაწვდის უკრაინის ეროვნულ ენერგოკომპანია „ენერგოატომს“ და შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს ბრიტანეთის ეკონომიკას, რადგან Urenco-ს ჩესტერის ობიექტი ათასობით სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით.

დაფინანსება ასევე მოხმარდება უკრაინის მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზებას, რათა დაისაჯონ ომის დანაშაულების ჩამდენი პირები, დაჩქარდეს სასამართლო პროცესები და აღმოიფხვრას კორუფცია გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით.

British International Investment (BII), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, გამოყოფს 65 მილიონ ფუნტამდე განახლებადი ენერგიისა და საბანკო სექტორისთვის. ეს ინვესტიცია მოიცავს ორი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას და „ლვოვის ბანკის“ მეშვეობით უკრაინული ბიზნესის მხარდაჭერას. ბრიტანული კომპანიები წამყვან როლს შეასრულებენ ლვოვის აეროპორტისა და ვინიცის ოლქის სკოლების მომავალ მოდერნიზაციაში.

სრულად წაკითხვა