WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ლონდონის სასამართლოს წინაშე ბრიტანელი კაცი წარსდგა 10 სექტემბერს ბრალდებით, რომ რუსეთის დაზვერვას აწვდიდა ინფორმაციას უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნების შესახებ და მათზე დივერსიის განხორციელებას სთავაზობდა.

31 წლის ჯოშუა კემიჯს ბრალი ედება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დახმარებასა და დივერსიული აქტის მომზადებაში, მას შემდეგ, რაც იგი დაუკავშირდა GRU Volunter Corps-ს, რომელსაც პროკურორების განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მიერ კონტროლდება.

უესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოში გამოსვლისას, პროკურორმა უორენ სტანიერმა განაცხადა, რომ კემიჯს ბრალი ედება დასავლეთ ინგლისში, მის საცხოვრებელ სახლთან, სუინდონში მდებარე დრონების ოთხი ქარხნის შესახებ დეტალების მიწოდებასა და დივერსიული აქტის განხორციელების საკუთარი ინიციატივით შეთავაზებაში.

პროკურორების თქმით, მან ასევე მოიძია ინფორმაცია Wi-Fi სიგნალის ჩახშობის მოწყობილობის შესახებ და განახორციელა დაზვერვა.

კემიჯს ბრალი არ უღიარებია, თუმცა სტანიერმა აღნიშნა, რომ პოლიციაში დაკითხვისას მან კატეგორიულად უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ არანაირი დივერსიის განხორციელება არ ჰქონია განზრახული.

ლონდონში რუსეთის საელჩოს აღნიშნულ საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სტანიერმა სასამართლოს განუცხადა, რომ კემიჯი, რომელიც გასულ კვირას სუინდონში ანტიტერორისტულმა პოლიციამ დააკავა, 28 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში კავშირი ჰქონდა ბრიტანეთის მოქალაქესთან, რომელიც რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო წასული.

„ამ საუბრების არსს გაერთიანებულ სამეფოში მდებარე დრონების მწარმოებელი ქარხნების ადგილმდებარეობის დადგენა და ამ ქარხნებზე დივერსიის განხორციელება შეადგენდა“, — განაცხადა სტანიერმა.

სტანიერის თქმით, სხვა საუბრებმა, რომლებიც კემიჯს თავის ყოფილ პარტნიორთან და(თავისი სამსახურიდან) სანდო კოლეგასთან ჰქონდა, აჩვენა, რომ ამის გაკეთებას მას რუსული დაზვერვის სამსახურები სთხოვდნენ.

კემიჯს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და იგი ლონდონის ოლდ-ბეილის სასამართლოს (Old Bailey Court) წინაშე წარსდგება 25 სექტემბერს.