აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთთან დაკავშირებით დიდი პროგრესია მიღწეული:
„დიდი პროგრესია რუსეთთან დაკავშირებით. თვალყური ადევნეთ სიახლეებს“, – წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, რომელშიც მედიას „ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი ამახინჯებენ სიმართლეს, როდესაც მასზე წერენ.
“რაც უნდა გავაკეთო ან ვთქვა, მათ ვერაფერი უბიძგებს ჩემზე გულწრფელად დაწერონ… ალასკაში შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ბაიდენის სულელურ ომზე, ომზე, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო”, - წერს ტრამპი.
კიდევ ერთ საჯარო პოსტში კი აშშ-ს პრეზიდენტი ისევ მედიაზე წერს - „რუსეთს თუ შეთანხმების ფარგლებში მოსკოვის დათმობას დავაძალებდი, ყალბი ამბები და მათი პარტნიორი, რადიკალური მემარცხენე დემოკრატები ალბათ იტყოდნენ, რომ საშინელი შეცდომა დავუშვი და ძალიან ცუდი გარიგება დავდე. სწორედ ამიტომ არიან ისინი ყალბი ამბები”, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო აშშ-რუსეთის პირველი სამიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ.
ორშაბათს, 18 აგვისტოს ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამ შეხვერას ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან.