დიდი უსამართლობა ეროვნული ბიბლიოთეკისთვის

18 hours ago 1

ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბილოთეკისთვის უსამართლო გადაწყვეტილება მიღებულია – მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გადის პარლამენტის დაქვემდებარებიდან და გადადის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი:

“მოკლედ გეტყვით! მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გადის პარლამენტის დაქვემდებარებიდან და გადადის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამის შესახებ გადმომეცა პროექტი. ჩემი აზრით, ეს არის მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც აუქმებს ქვეყნის საპარლამენტო ბიბლიოთეკას, პარლამენტი უარს ამბობს მისთვის მინიჭებულ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობაზე. ასევე, ეს არის ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის სტატუსის შეცვლა, კულტურის სამინისტროსთან დაქვემდებარებით ის ინარჩუნებს მხოლოდ ეროვნული დეპოზიტარიუმის ფუნქციას, მაგრამ ის აღარ იქნება ის, რაც არის დღეს! საქართველომ დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პარლამენტს დააკისრა ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის მზრუნველობა. დიახ, 1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი პარლამენტის ბიბლიოთეკის შექმნისა. მან, სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი ამ ბიბლიოთეკის ფონდების შეძენისათვის 500 000 მანეთის გამოყოფა. შეიძინეს დიმიტრი ერმაკოვის ფონდი, ვაიდენბაუმის კოლექცია, სავალდებულო ეგზემპლარის კანონიც მიაღებინა. ეს გააკეთა ცხონებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა. რას მოიფიქრებდა, რომ 2025 წელს დამოუკიდებელი საქართველო გააუქმებდა პარლამენტის ბიბლიოთეკას! ჯერ კიდევ არ მიღებულა ეს მცდარი გადაწყვეტილება. მივმართავ პარლამენტარებს, ნუ შეცვლიან იმ გზას, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა შექმნა! ნუ ვიტყვით უარს საპარლამენტო ბიბლიოთეკაზე. ეროვნულ ბიბლიოთეკას ნუ დაუკარგავთ საპარლამენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას. ეს გადაწყვეტილება არ მომხდარა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციასთან შეთანხმებით. 1918 წლიდან არსებული ბიბლიოთეკის პირველი თეგი ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ წიგნებს აქვს დარტყმული. აი, ექვთიმეს დამზადებული ბეჭედიც.”


გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი:

“ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით, საიდანაც წელიწადზე მეტია წამოვედი, არცერთხელ მისაუბრია საჯაროდ – მიუხედავად, თითქმის ყოველკვირეული ინტერესისა, მედიის თუ საზოგადოების მხრიდან. არც ახლა ვაპირებ ვრცელ კომენტარს. მხოლოდ მოკლედ – ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტიდან გამოყოფა და კულტურის სამინისტროსთან შეერთება არის მცდარი გადაწყვეტილება.”

სრულად წაკითხვა