“მესამე ტვინი”, რომელშიც ბედნიერების ჰორმონი წარმოიქმნება

2 days ago 5

არ დავიღლები ამ თემაზე წერით, რადგან შედარებით ახალი და ძალიან დიდი მნიშვნელობისაა მთლიანად ჯანმრთელობისთვის!

მოკლედ, ჯანმრთელ ნაწლავში ჯანმრთელი ტვინია.

ნაწლავი, ანუ ენტერალური სისტემა, უკვე მოიაზრება როგორც მესამე ტვინი თავის და ზურგის ტვინების შემდეგ.

უკვე ვიცით, რომ ნაწლავს გაცილებით უფრო დიდი გავლენა აქვს თავის ტვინზე, ვიდრე პირიქით.

მაგალითად, ყველასათვის ბედნიერების ჰორმონად ცნობილი სეროტონინის მინიმუმ 90% ნაწლავში წარმოიქმნება და არა თავის ტვინის რაფეს ბირთვებში.

ლოგიკურია, რომ აშლილობები, როგორიცაა დეპრესია, ფობიები, შფოთვა, უძილობა და სხვა მრავალი კავშირშია ნაწლავის სისტემასთან მინიმუმ კორელაციის დონეზე.

კვლევები ცხოველებზე გვაჩვენებს, რომ ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა პარკინსონი და ალცჰაიმერი, ნაწლავში “იწყება” და ნაწლავის გამოკვლევით შესაძლებელია ადრეულ, უსიმპტომო ეტაპზე ამ დაავადებების დროულად დიაგნოსტიკა და შესაბამისად უფრო ეფექტური თერაპია.

ნაწლავი არ არის მხოლოდ საჭმლის მომნელებელი და გამტარებელი ორგანო!

ის დაახლოებით იმდენ ნერვულ უჯრედს შეიცავს, როგორც ჩვენი ჭკვიანი ოთხფეხა მეგობრის, ძაღლის ტვინი.

მასში გვაქვს 2 კილოგრამამდე ბაქტერია, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს იმუნურ სისტემას, ქმნიან ვიტამინებს, სასიცოცხლო მნიშვნელობისა ცხიმმჟავებს და ასე შემდეგ…

შესაბამისად ძალიან სათუთად უნდა მოვეკიდოთ ამ სენსიტიურ ბიოსისტემას.
ყველაფერი, რაც ნაწლავში ხვდება, უნდა ავწონ-დავწონოთ გონივრულად!

განსაკუთრებული სარგებლობის მომტანია ბოჭკოებით მდიდარი საკვები, მაგალითად ბოსტნეული, ბურღულეული, ხილი, თხილეული.

საზიანოა მარტივი ნახშირწყლები, დამატებითი შაქარი, ინდუსტრიული პროდუქტები.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების სწორი გამოყენება.

ანტიბიოტიკები იმ ერთი ბაქტერიის გარდა, რომლის გამოც ვიღებთ მათ, კლავენ ათასობით სხვა, უდანაშაულო, კეთილ და მეგობარ ბაქტერიას ნაწლავში, რომელთა გარეშეც ჩვენ ვზარალდებით.

რაც უფრო ფართო სპექტრისაა ანტიბიოტიკი, ანუ მეტ სხვადასხვა ბაქტერიას კლავს, უფრო დიდ დარტყმას ვაყენებთ საკუთარ თავს.

ამიტომ ანტიბიოტიკი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად აუცილებელია. და ნამდვილად აუცილებელი ის გაცილებით იშვიათად არის, ვიდრე საქართველოშია მიღებული.

განსაკუთრებით ერიდეთ ფართო სპექტრისა ანტიბიოტიკების თვითნებურ მიღებას, ასეთებია:

– ფლოქსაცინები (ციპროფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი/ავალოქსი, ლევოფლოქსაცინი)

– მესამე და მეოთხე თაობის პოპულარული ცეფალოსპორინების ნემსები (ცეფტრიაქსონი, იგივე როცეფინი; კლაფორანი, ცეფტადიზიმი…)

– ლევომიცეტინი

– ბისეპტოლი

თუ მაინც დაგჭირდათ ანტიბიოტიკი, აუცილებელია ნაწლავში ფლორის აღდგენა შესაბამისი პრობიოტიკებით ან თერაპიის პარალელურად, ან თერაპიის შემდეგ.
ყველაზე მარტივი და გავრცელებული პრობიოტიკია მაწონი, იოგურტი, თუნდაც კომბოსტოს მწნილი.
პრობიოტიკების პრეპარატები შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში, კონკრეტულს ვერაფერს გირჩევთ.

გავუფრთხილდეთ ჩვენს ნაწლავს იგივე რუდუნებით და პატივისცემით, როგორც ტვინს, რადგან ისიც ტვინია სინამდვილეში!

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი

სრულად წაკითხვა