წუხელ დიდუბეში ორი ადამიანის, ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს – ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”, – აცხადებენ პოლიციაში.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
netgazeti