სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 5.6% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ფასები 0.4%-ით გაიზარდა.
საქსტატის მიხედვით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის ჯგუფმა მოახდინა. ამ ჯგუფში ფასები ერთ წელიწადში 18.7%-ით გაიზარდა, მათ შორის პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 25.8%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურება 14.9%-ით გაძვირდა.
საქსტატის დეტალური მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით დიზელის საწვავი 54.5%-ით, ხოლო ბენზინი 30.2%-ით გაძვირდა.
ცალკეული საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის მაჩვენებლებს შორისაა:
- გაზეთები - 63.3%
- დიზელის საწვავი - 54.5%
- თვითმფრინავით მგზავრობა - 40.2%
- ხახვი - 36.1%
- პომიდორი - 35.4%
- 958 სინჯის ოქროს ქორწინების ბეჭედი - 31.2%
- ბენზინი - 30.2%
- ჟურნალები- 30.1%
- ავტომობილის შეკეთება - 26%
- ელექტროენერგიის გადასახდელი - 25%
- შებოლილი თევზი - 21%
- გაყინული თევზი - 20.9%
- ძროხის ხორცი - 17.6%
- ქათმის ხორცი - 16.1%
- ახალი თევზი - 15.9%
ამავე პერიოდში რიგი პროდუქტები და მომსახურება გაიაფდა. ყველაზე მეტად, 39.1%-ით, კიტრის ფასი შემცირდა. ქლიავი 38.6%-ით, ლიმონი 32.4%-ით, ნიორი 27.3%-ით, ატამი 24.9%-ით, საზამთრო კი 23.4%-ით გაიაფდა.
საქსტატის მონაცემებით, მთლიანად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული - 18.1%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9%-ით, პური და პურპროდუქტები - 6.9%-ით. ამავე დროს, ხილი და ყურძენი საშუალოდ 4.3%-ით გაიაფდა.
განათლების ჯგუფში ფასები წლიურად 12.5%-ით შემცირდა, რაც ძირითადად უმაღლესი განათლების 32.9%-ით გაიაფებამ განაპირობა.
radiotavisupleba ახალი ამბები