ისაკო დევიძე კლინიკაში გადაყვანას ითხოვს და ამ მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს.
ინფორმაციას მისი და, მარი დევიძე დღეს, 12 ნოემბერს ავრცელებს.
„მინდა მოკლედ გაგიზიაროთ ინფორმაცია ისაკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დაახლოებით ერთი კვირის წინ გავიგეთ, რომ მას მუცლის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, თუმცა ციხის საავადმყოფოში არ გადაჰყავდათ. ისაკოს ერთდღიანი პროტესტისა და შიმშილობის შემდეგ, ის საბოლოოდ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.
იქ ჩატარებული ანალიზებისა და პირველადი დათვალიერების შემდეგ, მას კუჭის ქრონიკული გასტრიტის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით, პასუხების მიხედვით სარქველთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოიკვეთა, რაშიც სამწუხაროდ დეტალურად ვერ გავერკვიეთ. ჩვენი ინფორმაციით, მას დაუნიშნეს მედიკამენტები.
მიუხედავად ამისა, ბოლო საუბრისას ისაკო კვლავ შეუძლოდ იყო და ისევ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. რადგან მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იძულებული გახდა შიმშილობა დაეწყო (ჭამა ისედაც ძალიან უჭირდა, როგორც ვიცით).
დღევანდელი ინფორმაციით, ისაკო კვლავ აგრძელებს შიმშილობას!!!“ — წერს მარი დევიძე.
ისაკო დევიძე დემონსტრანტია, რომელიც მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში დაწყების დღიდან აქტიურად არის ჩართული. არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულიც. პატიმრობაში ყოფნისას, სხვადასხვა მიზეზით, აქამდეც არაერთხელ მიუმართავს პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის და გამოუცხადებია შიმშილობა.
ამჯერად ისაკო დევიძე სისხლის სამართლის წესით არის მსჯავრდებული. პროკურატურა მას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებოდა. ისაკო დევიძემ ბრალი აღიარა, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება დადო და განაჩენი 1 წლით განესაზღვრა. ის ციხეს 2027 წლის იანვარში დატოვებს.
2025 წლის დეკემბერში, ისაკო დევიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მოსამართლე ზვიად ცეკვავას კომპიუტერს ხელი დაარტყა და დააზიანა. ზვიად ცეკვავა ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა, სადაც შსს ისაკო დევიძეს პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. ამისთვის ცეკვავამ ისაკო დევიძეს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც თავად ისაკო დევიძემ განმარტა, მისი მხრიდან „მოსამართლის შეურაცხყოფის“ საფუძველი, სანამ ამ ქმედებას ჩაიდენდა, იყო ის რეალობა რაც ხდებოდა გარეთ და მათ შორის, სასამართლოს შენობაში. ამ დროს კი „მოსამართლეები დიდი ხელფასების სანაცვლოდ კაბინეტებში არიან შეკეტილი“, — თქვა ისაკომ და დაამატა, რომ მიმდინარე სხდომას, როგორც მორიგ რიგით პროცესს ვერ ჩაატარებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ დაარტყა ხელი მოსამართლე ცეკვავას კომპიუტერს, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ისაკო დევიძე ციხეს 6 თვეში დატოვებს
netgazeti