WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩართვას ითხოვს და ამბობს, რომ რასაც ამერიკელები და რუსები განიხილავენ, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება.

აშშ-ის მონაწილეობით რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ზელენსკიმ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას შეაჯამა.

„გუშინ ჩვენი წარმომადგენლები აბუ-დაბიში რუსებსა და ამერიკელებს შეხვდნენ. დღეს ამერიკელები მოსკოვში იმყოფებიან, ხოლო ამ საღამოს ისინი აქ, დუბლინში იქნებიან. მათთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ვისაუბრებთ. ძალიან კარგია, რომ ევროპელები ახლა ამ მოლაპარაკებების მონაწილეებიც არიან. ჯერ უშუალოდ იმ ფორმატში არა, სადაც რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, მაგრამ ევროპელები უკვე ჩართულები არიან. და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროპა ამ მოლაპარაკებების მუდმივი მონაწილე გახდეს“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები არ იყო უშინაარსო. შედგა შეთანხმება სამხედრო ტყვეების გაცვლაზე.

ზელენსკიმ თქვა, რომ შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს უსაფრთხოების გარანტიებზე და ევროპას მოუწოდა, ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს.

„როდესაც ამერიკელები და რუსები ამ საკითხზე საუბრობენ, საქმე მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს არ ეხება. სინამდვილეში, საუბარი უფრო მეტად ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების რაღაც ახალ არქიტექტურას ეხება. ეს მიდგომა ჩვენთვის ცოტა უცნაურია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში, ევროპა რუსეთს კარგად ეპყრობოდა და ცდილობდა, მასთან რაც შეიძლება მეტი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონოდა, რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა და რაც შეიძლება კარგი ურთიერთობები. პუტინის ომები სინამდვილეში მხოლოდ მის დამოკიდებულებას უკავშირდება სხვების მიმართ და არა ევროპასთან რაიმე სახის მუდმივ დაპირისპირებას, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო. თუმცა დღეს მაინც იმას ვისმენთ, რასაც ვისმენთ“, — განაცხადა ზელენსკიმ EPC-ის სამიტზე.

სამიტში მონაწილეობს ირაკლი კობახიძეც, რომელმაც წინა დღეს, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ისე უკრაინაში ორივე ომის აცილება შესაძლებელი იყო, რომ არა გლობალური ომის პარტია. კობახიძემ კვლავ არ დაასახელა, ვის გულისხმობს გლობალურ ომის პარტიაში, თქვა რა, რომ მათზე საუბარი სახიფათოა.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციამ უარი განაცხადა ისეთი ნაბიჯების განხილვაზე, რომლებსაც ომის საშინელებების შემცირება შეეძლო.

„ჩვენმა მხარემ კიდევ ერთხელ სცადა შავი ზღვის რეგიონში დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების წამოწევა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების საკითხის დაყენება. თუმცა, ჩვენი დელეგაციის მიერ მიღებული პასუხი ასეთი იყო: რუსეთის ბოსი გაბრაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს. ყოველ ზამთარს რუსები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ზიანი მოგვაყენონ. ეს ომის დაწყებამდეც ხდებოდა, როდესაც პუტინი თითქმის ყოველ ზამთარს გაზს იარაღად იყენებდა უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ის ენერგეტიკას ბრძოლის ველად აღიქვამს და ჩვენ ეს გვესმის. ამიტომ ჩვენი პრიორიტეტები უცვლელი რჩება“, — განაცხადა ზელენსკიმ.

პრიორიტეტებს შორის მან დაასახელა საჰაერო თავდაცვა — Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემების რაკეტების საჭიროება, F-16 გამანადგურებლები და საბრძოლო მასალა, ენერგეტიკული მხარდაჭერა და უკრაინის ქალაქების მდგრადობის გეგმების შემუშავება.

„რაც შეეხება ფრონტის ხაზს, ჩვენი პოზიციები მტკიცეა და ეს ჩვენი თანამშრომლობის პირდაპირი შედეგია. ჩვენმა ერთობლივმა თავდაცვითმა პროექტებმა და იარაღის ერთობლივმა წარმოებამ შედეგი გამოიღო. მთელი ეს თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ“, — თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ამ მხრივ ერთადერთი ცუდი ამბავი Starshield-თან დაკავშირებული პრობლემებია.

კიევის ცნობით, კვლავ აღმოჩნდა, რომ Starshield-ის სიჩქარე უკრაინის ტერიტორიაზე შეზღუდულია.

„ეს პირდაპირ აისახება ჩვენს შესაძლებლობაზე, ჩამოვაგდოთ რეაქტიული ძრავით აღჭურვილი რუსული „შაჰედის“ დრონები. ეს დრონები სწორედ იმ [ოკუპირებული] ტერიტორიებიდან მოდიან და სიჩქარის შეზღუდვის გამო ჩვენ უბრალოდ ვერ ვახერხებთ, დროულად დავეწიოთ მათ. ფრონტის ხაზთან ახლოს კი ჩვენი თვითმფრინავების გამოყენება არ შეგვიძლია. იქ მოქმედება მხოლოდ დრონების გადამჭერ აპარატებს შეუძლიათ. ვცდილობთ, ამერიკული მხარისგან დეტალები მივიღოთ, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან ცოტა რამ ვიცით. თუმცა, ზოგიერთი რამ უკვე ნათელია. თუ ამერიკაში ვინმე გადაწყვეტილებას ისე იღებს უკრაინის ტერიტორიის შესახებ, თითქოს ის უკრაინას არ ეკუთვნოდეს, ეს გვიჩვენებს, საით მიდის მოვლენები. ნათლად უნდა განვაცხადოთ და არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ ვაღიაროთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მან ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შესახებაც და მოუწოდა, დარჩენილი ორი კლასტერის გახსნისკენ წლის ბოლომდე და ითხოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტები.