„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის საბოტაჟის ბრალდებით, სამშობლოს ღალატის მუხლით ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაკავებული ჟურნალისტის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნონა ფილაურმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბარში განმარტავს, საქმეზე მტკიცებულებების სახით არა რაიმე გასაიდუმლოებული დოკუმენტები, არამედ ჟურნალისტის საჯარო გამოსვლები და მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები ფიგურირებს.
მისივე თქმით, დიტო ჩუბინიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მომხდარით გაოგნებულია.
„მის საქმეში არ ფიგურირებს არავინ და არაფერი. დანაშაული მატერიალურად მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას შეუშალა ხელი თავისი საჯარო გამოსვლებით. ეს არის ბრალის ფორმულირება. საქმეში დართულია მისი საჯარო გამოსვლები, როგორც მტკიცებულება, და ჩემი ვარაუდით, მოწმის სახით დაკითხულები არიან ამ კომისიის წევრები. ბრალის დადგენილების მიხედვით, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის,“ — აცხადებს ნონა ფილაური „ნეტგაზეთთან“.
დაცვის მხარისთვის სრულიად გაუგებარია ლოგიკა, რომლითაც გამოძიება ხელმძღვანელობს. ადვოკატის თქმით, ჩუბინიძე მხოლოდ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც რესპონდენტებს ინტერვიუებს ართმევდა და მათ პოზიციებს საჯაროს ხდიდა.
„საერთოდ ვერ მიხვდა [დიტო ჩუბინიძე], რატომ უნდა დაისაჯოს ჟურნალისტი იმისთვის, რომ როდესაც ინტერვიუს წერს, რასაც გადმოსცემს კონკრეტული პიროვნება, ის აგებს ხომ პასუხს თავის ინფორმაციაზე?! ის ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა, როგორც ჟურნალისტს. რით დაზიანდა ამით კომისია? ცოტა მეც გამიკვირდა, როგორც ადვოკატს. კომისიას ზურგს სახელმწიფო უმაგრებს, ეხმარება, რომ თავისი საქმე გააკეთოს. დიტო ჩუბინიძემ თავისი გამოსვლებით როგორ უნდა შეუშალოს ხელი? ის არ არის სპეციალისტი, ჟურნალისტია. მაშინ ყველა ჟურნალისტი უნდა დაიჭირო — „შენ ეს ინტერვიუ იმიტომ ჩაწერე, რომ ვიღაცის წინააღმდეგი ხარ“. ვფიქრობ, გამოძიების მხრიდან ეს გაუგებარი და ბუნდოვანი მიდგომაა,“ — აღნიშნავს ნონა ფილაური.
საქმე ამ ეტაპზე გასაიდუმლოებული არ არის. როგორც ადვოკატი ხსნის, ჟურნალისტს რაიმე სახის სახელმწიფო დოკუმენტი არ მოუპარავს და არც გაუყალბებია, შესაბამისად, გამოძიება სრულად ღია წყაროებით გავრცელებულ მასალებს ეყრდნობა.
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. გამოძიების პრაქტიკიდან გამომდინარე, ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს. დაცვის მხარეს საქმის სრულ მასალებსა და გამოკითხვის ოქმებზე წვდომა სასამართლო სხდომის წინ ექნება, რის შემდეგაც საქმის დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
netgazeti