WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ამჯერად ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევის შესახებ.

აღნიშნული შუამდგომლობა „ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ დააყენა და მოითხოვა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესში ვენეციის კომისიის 3 ექსპერტი დისტანციურად ჩაერთოთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ამ შუამდგომლობის შესახებ ადგილზე ზეპირად იმსჯელა და დაკმაყოფილებაზე უარი ერთხმად განაცხადა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა,  ექსპერტებად მოწვევის შუამდგომლობა „ძალიან დაუსაბუთებელი“ იყო.

„არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთო ევროპული სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის პრაქტიკა და ბევრი დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია სტანდარტები ჩვენს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება იმ დავის საგანს, რაც ჩვენ მიერ არის დღეს განსახილველი.

ამავდროულად ამ მოწმეთა ექსპერტებად მოწვევის შუამდგომლობა ძალიან დაუსაბუთებელი იყო სასამართლოსთვის. ზოგადად, კარგი ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ. ამ საქმის განხილვაში რით დაგვეხმარებოდა არის დაუსაბუთებელი“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

„რაში დაეხმარებოდა და იმაში, რომ საზოგადოებრივ აღქმაში გადაწყვეტილება იქნებოდა არამხოლოდ სწორი, სამართლიანი და კონსტიტუციურ მოთხოვნებთან შესაბამისი, არამედ სწორედ ასეთად აღიქმებოდა ყველას  მხრიდან როგორც დამოუკიდებელი, პირუთვნელი სასამართლოს მიერ გამოტანილი“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ.

აღსანიშნავია, რომ  მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია ოპოზიციური პარტიების მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა.


21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].