დონალდ ტრამპი პრეზიდენტობას დღეს მეორე ვადით გადაიბარებს

2 hours ago 1

სულ რამდენიმე საათში, დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლს ერთი ვადის გამოტოვებით დაუბრუნდება. მსგავსი რამ ამერიკაში თითქმის საუკუნენახევარია არ მომხდარა.

ვაშინგტონში ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიისთვის ემზადებიან, რომელსაც ინტერნეტითა და ტელეეთერით მილიონობით ამერიკელი და უცხოელი მიადევნებს თვალს. შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლების გადაცემის დროდ შუადღის 12 საათია ჩანიშნული.

78 წლის ტრამპი თეთრ სახლს შემდეგი 4 წლით დაიკავებს და შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გახდება. ცოტა ხნით ადრე კი პოსტს ამერიკის 46-ე პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი დატოვებს, რომელმაც პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით იმსახურა.

ცივი ამინდის გამო, შედარებით ნაკლები მასშტაბის ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, შენობაში გაიმართება. მას დაახლოებით 600 ადამიანი დაესწრება, მაშინ როცა წარსულში საპრეზიდენტო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაახლოებით 250 000-მდე სტუმარი ჰყავდა.

ასევე გაუქმდა ტრადიციული აღლუმი პენსილვანიის ავენიუზე, კონგრესიდან თეთრი სახლის მიმართულებით. წარსულში, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების ახალი ლიდერები საპრეზიდენტო ფიცს დებდნენ და ამერიკელებს სიტყვით მიმართავდნენ, თეთრი სახლისკენ პრეზიდენტის გუნდის საზეიმო მსვლელობა ეწყობოდა. არ გაუქმებულა საღამოს დაგეგმილი საზეიმო წვეულებები და მეჯლისები, სადაც ახალ პრეზიდენტს და ახალ პირველ ლედის უმასპინძლებენ.

პრეზიდენტობის პირველივე დღეს, მას შემდეგ რაც ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ ოფისს დაიკავებს, ის გეგმავს ბევრი აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას. მათ შორის, მოელიან მასობრივი დეპორტაციის საპრეზიდენტო განკარგულებას, მსჯავრდებულთა შეწყალებებსა და სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს.

სრულად წაკითხვა