ვაშინგტონისკენ მიმავალმა ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საოცარი“ შეხვედრისას ის და სი ძინპინი თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ.
დონალდ ტრამპის თანახმად, ჩინეთი განაახლებს ამერიკული აგრარული პროდუქციის იმპორტს, ბარიერებს აღარ შეუქმნის იშვიათ მიწათა ელემენტების ექსპორტს და მიიღებს ზომებს აშშ-ში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად. თავის მხრივ, აშშ შეამცირებს ჩინური პროდუქციის იმპორტის საბაჟო გადასახადს. ამერიკული მედიის ცნობით, ტარიფი 57%-დან 47%-მდე შემცირდება.
ტრამპის განცხადებით, აშშ და ჩინეთი ერთად იმუშავებენ უკრაინის საკითხზეც. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ მომავალი წლის აპრილში ჩინეთს ვიზიტით ეწვევა.
ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუას“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურმა ჯგუფებმა ღრმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს კონსენსუსს პრობლემების მოსაგვარებლად. ჩინეთის მეთაურის თანახმად, მხარეები მომავალშიც კონცენტრირებული უნდა იყვნენ გრძელვადიან მომგებიან თანამშრომლობაზე და არ უნდა მოხვდნენ საპასუხო ზომების საზიანო წრეში.
სი ძინპინის განცხადებითვე, ჩინეთი და აშშ პარტნიორები და მეგობრები უნდა იყვნენ და მზად არის დონალდ ტრამპთან გააგრძელოს მუშაობა, რათა ორივე ქვეყნის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას.
სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში დონალდ ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრა ერთ საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ მათ პრესისთვის განცხადებები არ გაუკეთებიათ.
ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკების შემდეგ დონალდ ტრამპი სამშობლოში გაემგზავრა, სი ძინპინი კი სამხრეთ კორეაში დარჩა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობისთვის.

10 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·