დრონებით შეტევა იყო „გაზპრომის“ ქარხანაზე ბაშკირეთში

2 hours ago 2

დღეს დილით აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა დრონებით შეტევა კომპანია „გაზპრომის“ საწარმოზე.

პირველი ცნობები აფეთქებების შესახებ სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.

დღის 12 საათისთვის ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურის, რადიი ხაბიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატს“ და საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარია. ხაბიროვის თანახმად, არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

ტელეგრამ-არხმა „ასტრამ“ ხანძრის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

„გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ ტრანსნაციონალური ენერგოკომპანია „გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა და რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს ფლობს.

უკრაინას ამ ობიექტზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

18 სექტემბერს, დილით უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, მუშაობა შეაჩერა. ეს ქარხანა კომპანია „ლუკოილისაა".

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

მხოლოდ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში იერიში მიიტანეს რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

სრულად წაკითხვა