რუსეთში დრონებით შეტევა იყო ტექნოლოგიური კომოანია „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის კიდევ ერთ, ე.წ. დატა-ცენტრზე.
9 ოქტომბერს დილით კომპანიამ დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ქალაქ კალუგაში მდებარე დატა-ცენტრის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რამდენიმე მოდული კი მწყობრიდან სრულადაა გამოსული. „იანდექსის“ თანახმად, დაშავებულები არ არიან.
კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 26 უკრაინული დრონი „გაანადგურა” ქალაქ კალუგის და რეგიონის კიდევ სამი მუნიციპალიტეტის თავზე, დაჭრილია 9 ადამიანი და დაზიანებულია კერძო სახლები. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობაში გუბერნატორს „იანდექსის” ცენტრი არ უხსენებია.
უკრაინას რუსეთის ამ რეგიონზე შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
წინა დღეს, 8 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო „იანდექსის” ცენტრზე რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოშიც. ცენტრმა მუშაობა შეაჩერა.
ე.წ. დატა-ცენტრები რუსეთის სამიზნეა უკრაინაშიც.
radiotavisupleba ახალი ამბები