დრონებით შეტევა იყო ქალაქ ენგელსზე, სადაც რუსეთს სამხედრო აეროდრომი აქვს

1 week ago 36

16 ივლისს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის მიერ სოციალური ქსელებით დილის ექვსი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, „ენგელსში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ადგილზე მუშაობს ყველა ოპერატიული სამსახური. წინასწარი მონაცემებით დაშავებულები არ არიან“.

მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ენგელსის სამხედრო აეროდრომზე, რაც დასტურდება ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ანალიზით.

ASTRA-ს ცნობით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს, რომელიც სამხედრო აეროდრომის ასაფრენი ზოლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს.

  • ენგელსის საავიაციო ბაზასა და აეროდრომზე, საიდანაც რუსეთის არმია უკრაინას რაკეტებით ხშირად უტევს, დისლოცირებულია „ტუ-ს" ტიპის ბომბდამშენები და განთავსებულია მართვადი ავიაბომბების და ფრთოსანი რაკეტების საწყობები.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ენგელსის აეროდრომს პირველად 2022 წლის დეკემბერში დაარტყეს.
  • 2025 წელს ენგელსის საავიაციო ბაზაზე რამდენიმე შეტევა იყო.
  • ქალაქ ენგელსში ნავთობის დიდი საცავიცაა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს.
სრულად წაკითხვა