„ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორის, მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ, გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ცნობით, აცხადებენ სუს-ში.
„დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“, - ამბობენ უწყების პრესცენტრში.
18:00 საათზე, მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი ადამიანის სახლებში - 22 ადგილას - ჩხრეკა ჩატარდა.
გვარაკიძის თქმით, „ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.
დღეს, 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე ჩხრეკა ერთდროულად ჩატარდა რვა ადამიანის საცხოვრებელ და კუთვნილ ბინებსა და სახლებში, ჯამში 22 მისამართზე. პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა „სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე“.
მან განცხადების წაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
- არ უთქვამს, რომელი მუხლებითაა გამოძიება დაწყებული;
- დღევანდელ ბრიფინგზე არ გაუვრცელებიათ არც ჩხრეკის კადრები;
- ასევე უცნობია, ჩხრეკა უკვე არსებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, თუ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ახალი საქმეა აღძრული.