დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 92 წელი შეუსრულდა.
“ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა”, – ასე იხსენებს ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ილია მეორე თავის ბავშვობას…
ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.