გერმანიის საელჩომ დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 5 ბავშვი ემსხვერპლა, შენობაზე დროშები დაუშვა.
“დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს”, – წერს საელჩო.
უბედური შემთხვევა 5 იანვარს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო. ხის სახლი მოკლე დროში სრულად დაიწვა.
ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლისაა, უმცროსი კი რამდენიმე თვის, ადგილზევე დაიღუპნენ. დაშავებული ქალი სამკურნალოდ გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.