გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე, საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებული არჩევნების ეგზიტ-პოლების თანახმად, პირველ ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია პარტია დამოუკიდებლად თუ შეძლებს მთავრობის ფორმირებას.
ეგზიტ-პოლებით, AfD-ს ერგო ხმების 44,5 პროცენტი, ხოლო კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატორებს - 18,5 პროცენტი. ერთ-ერთი ეგზიტპოლის თანახმად, აუცილებელი ბარიერი გადალახეს მემარცხენე-ცენტრისტმა სოციალ-დემოკრატებმა და გარემოს დამცველმა მწვანეებმა.
AfD-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალის ვაიდელმა შედეგს "ისტორიული მნიშვნელობის" უწოდა.
თუ AfD პირდაპირ ვერ შეძლებს ამ მხარის მართვას, ამან, შესაძლოა, ბიძგი მისცეს მეინსტრიმული პარტიების მხრიდან კოალიციის შექმნის გაჭიანურებულ პროცესს. ამ პარტიებს გადაწყვეტილი აქვთ არ ითანამშრომლონ AfD-სთან - პარტიასთან, რომელსაც გერმანიის შიდა დაზვერვის სამსახური ულრტამემარჯვენე ექსტრემიზმისთვის იძიებს.
ბოლო დროის ევროპაში არის ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერების ტენდენცია - თუმცა გერმანიის ნაცისტური წარსული მეინსტრიმულ პარტიებს უბიძგებს დისტანციის დაჭერისკენ AfD-სგან, რომელიც მკაცრ პოზიციას იკავებს მიგრაციის საკითხზე და რუსეთთან კავშირს ინარჩუნებს.
საქსონია-ანჰალტის მიწაზე პარტიას ხელმძღვანელობს 35 წლის ულრიხ ზიგმუნდი, რომელიც ექსტრემიზმში ბრალდებას გმობს და მას მიიჩნევს პარტიის მილიონობით მხარდამჭერის შეურაცხყოფად.
საქსონია-ანჰალტის არჩევნები AfD-სთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო ფართო მისწრაფებისკენ - სახელმწიფოს მასშტაბით ხელისუფლების მოპოვებისკენ ფედერალური არჩევნებით, რომელიც 2029 წელსაა დანიშნული.
გამარჯვების შემთხვევაში AfD გეგმავს სკოლებში და კულტურულ ინსტიტუციებში "ტრადიციული ღირებულებების" გაძლიერებას, იმიგრანტების მარგინალიზებას და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის სიღრმისეულ რეფორმას.
radiotavisupleba ახალი ამბები