ევროკავშირი იწყებს მოლაპარაკებას „დრონების კედლის“ შესაქმნელად

3 hours ago 2

ევროკავშირი იწყებს მოლაპარაკებებს „დრონების კედლის“ შესაქმნელად, რათა აღმოსავლეთის საზღვრები რუსეთის შეტევებისგან დაიცვას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა, დღეს, 19 სექტემბერს ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „დრონების კედლის“ შესაქმნელად ევროკავშირში მოლაპარაკება მომავალ კვირაში გაიმართება.

ერმაკის განცხადებით ამ პროექტს უნდა შეუერთდეს უკრაინაც, ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელიც რუსეთთან თანამედროვე ომს აწარმოებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მეორე მსოფლიო ომის და „ცივი ომის“ შემდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოების პრინციპები შეიცვალა, ბოლო წლებში კი გადამწყვეტ როლს ასრულებენ დრონები, ამიტომ აუცილებელია არმიის შეცვლა და დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა 18 სექტემბერს სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო უკვე განიხილავდა უპილოტო აპარატებისგან დამცავი ხაზის შექმნის იდეას, პოლონეთში დრონების შეჭრის შემდეგ კი ევროკავშირს სურს კონცეფცია რეალობად რაც შეიძლება სწრაფად აქციოს.

კუბილიუსის თანახმად, პროექტმა უნდა გააერთიანოს სხვადასხვა სახეობის იარაღი და ჩამხშობები, რომლებიც მოახლოებულ დრონებს აღმოაჩენენ და გაანეიტრალებენ.

ევროკომისრის ინფორმაციით, მომავალ კვირაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან დაგეგმილია მოლაპარაკება, რომელზეც უკრაინაც მიიწვია. კუბილიუსის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია პროექტის ღირებულებისა და განხორციელების დროის შეფასება, თუმცა ანალიტიკოსების ვარაუდით, ამის გაკეთება წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

10 სექტემბერს პოლონეთისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სამხედროებმა ჩამოაგდეს უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი მასირებული შეტევის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები.

მოსკოვში უარყვეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები შეიჭრნენ, თუმცა ვარშავა დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული ქმედება იყო.

სრულად წაკითხვა