ევროკავშირი მიესალმება არაწევრი სახელმწიფოების მიერთებას უკრაინის მხარდამჭერ სანქციებთან

1 week ago 31

ევროკავშირი მიესალმება მისი არაწევრი 9 ქვეყნის მიერთებას ევროპული საბჭოს მიერ ერთი თვის წინ დაწესებულ სანქციებთან.

2026 წლის 15 ივნისს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 9 პირსა და 45 ორგანიზაციას, რომლებიც ძირს უთხრიან და საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას „რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიული კომპლექსისა და ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობაში მონაწილეობით“.

ამ სანქციებს მიერთებული ქვეყნებს შორის არიან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებიც. სრული ჩამონათვალი ასეთია: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა. ამ სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ უზრუნველყოფენ ევროკავშირის საბჭოს 15 ივნისის გადაწყვეტილების შესრულებას.

„ევროკავშირი ცნობად იღებს და მიესალმება ამ დაპირებას“, - წერია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

15 ივნისს დასანქცირებულთა ტალღაში მოექცნენ ისინი, ვინც მატერიალურ მხარდაჭერას უწევენ რუსეთის სამხედრო და საწარმოო კომპლექსს, მონაწილეობენ სამხედრო ტექნოლოგიებისა და ტექნიკის განვითარებაში, წარმოებაში ან მიწოდებაში; მატერიალურ მხარდაჭერას უწევენ ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებით რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტს. სანქცირებულთა შორის არიან: ოლეგ ფიშელევი, „უნიმატიკის“ მფლობელი; ოლეგ ევტუშენკოვი, „როსტეკის“ აღმასრულებელი დირექტორი; პაველ ნიკიტინი, დრონების მწარმოებელი „რუსტაკტის“ მფლობელი; ალეკსეი რახმანოვი, თავდაცვითი საწარმოების ხელშემწყობი ლიგის ბიუროს წევრი; ბეხან ოზდოევი, „როსტეკის“ წარმოების დირექტორი; ვასილი ტიკმენოვი, სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი „ელინსი“ და სხვები. სანქცირებულ 45 ორგანიზაციას შორის დიდი ნაწილი რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში, სხვები - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთის სახალხი რესპუბლიკაში, თურქეთში, ლიბერიაში, აზერბაიჯანში.

პირველი გადაწყვეტილება "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირგამომთხრელი და საფრთხის შემქმნელი მოქმედებებისთვის შემზღუდავი ზომების დაწესებაზე" ევროკავშირმა მიიღო 2014 წლის 17 მარტს, რაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის ყირიმში შეჭრასა და ნახევარკუნძულის ანექსიას. ევროკავშირის მიერ დაწესებული შემდგომი სასანქციო ზომები შესწორებების სახით ემატება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

სრულად წაკითხვა