ევროკავშირი მოლდოვას საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას დაუფინანსებს

2 hours ago 2

ევროკავშირის საბჭომ, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 120 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული დახმარების ფარგლებში დაფინანსდება საშუალო რადიუსის მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემა. ევროკავშირის თანახმად, ეს ზომა ავსებს ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში განხორციელებულ წინა დახმარების ღონისძიებებს, რომლებიც საჰაერო სივრცის მონიტორინგისა და საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

„ეს მხარდაჭერა მოლდოვას შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ ოპერატიული ეფექტიანობა და, შესაბამისად, უკეთ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ ახალი ღონისძიებით, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვასთვის გაწეული ევროკავშირის ჯამური დახმარება 317 მილიონ ევროს აღწევს“, — აცხადებს ევროკავშირი.

ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში შეიქმნა საგარეო და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში სამხედრო და თავდაცვის სფეროებში განხორციელებული ყველა ქმედების დასაფინანსებლად. ევროპის მშვიდობის ფონდი ევროკავშირს საშუალებას აძლევს, დააფინანსოს მესამე ქვეყნების, ასევე რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობები სამხედრო და თავდაცვის საკითხებში.

სრულად წაკითხვა