ევროკავშირი აპირებს მნიშვნელოვნად გააფართოვოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები უკრაინაში ომის გამო.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა გერმანულ გამოცემა Die Welt-ს განუცხადა, რომ ამ შემოდგომაზე წარმოადგენს ომის დაწყების შემდეგ სანქციების ყველაზე ფართო ჩამონათვალს.
კალასის თანახმად, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ ახალ პაკეტს მიიღებენ, ერთბაშად მესამედით გაიზრდება რიცხვი რუსეთის იმ ფიზიკური და იურიდიული პირების, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცევიან.
- ევროკავშირს მიღებული აქვს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 21 პაკეტი.
- სანქცირებულია 3000-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი.
კაია კალასის თანახმად, რუსეთს ევროკავშირის სანქციები ძვირად დაუჯდა და უკვე ერთ ტრილიონ ევროზე მეტით დააზარალა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ ის უკრაინის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს.
კაია კალასს იმედი აქვს, რომ სანქციების საკითხში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების პოზიციები ისევ დაახლოვდება.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ამის იმედს აძლევს აშშ-ის სენატის მიერ სანქციების შესახებ აგვისტოს დასაწყისში მიღებული კანონპროექტი.
- რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან იარაღით, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარების გარდა მუდმივად ითხოვს მოსკოვზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერებას.
radiotavisupleba ახალი ამბები