ევროკავშირი ფაშინიანს ულოცავს და პარტნიორობის გაღრმავების მზაობას გამოთქვამს

1 week ago 7

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ევროკავშირის სახელით ულოცავს სომხეთის მოქალაქეებს „საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის გზით მათი სუვერენული დემოკრატიული უფლების განხორციელებას და აღნიშნავს სამოქალაქო მონაწილეობის მაღალ დონეს“.

„არჩევნებმა აჩვენა სომხეთის მტკიცე ერთგულება დემოკრატიის, მშვიდობისა და რეგიონში გაძლიერებული თანამშრომლობის მიმართ, ასევე ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისადმი“, — ნათქვამია კალასის განცხადებაში.

ის იმოწმებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებებს, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ძლიერ პოლარიზებული საარჩევნო კამპანიისა, არჩევნები ინკლუზიურად, მყარი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში ჩატარდა.

„საარჩევნო კამპანია და კენჭისყრა მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის, ზეწოლისა და მუდმივი ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე, მათ შორის ეკონომიკური იძულების მექანიზმების გამოყენებით, რომელთა მიზანი იყო დემოკრატიული პროცესის შერყევა და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება. მიუხედავად ამისა, არჩევნებმა წარმოაჩინა სომხეთის დემოკრატიული მდგრადობა და პროგრესი რეფორმების გზაზე. ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა სომეხი ხალხის ერთგულება ევროპული ღირებულებების, მშვიდობიანი პოლიტიკური მონაწილეობისა და სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი ამბობს, რომ ითვალისწინებს სომხეთის საარჩევნო ორგანოების მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს, რომლებიც მიუთითებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ მკაფიო ლიდერობაზე და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ აქტორს, პატივი სცენ კენჭისყრის შედეგებს, ხოლო საარჩევნო საჩივრის შემთხვევაში გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული მექანიზმები.

„ევროკავშირი მტკიცედ დგას სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით და ერთგულია სომხეთის მხარდაჭერისა მის დემოკრატიულ გზაზე, ასევე ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების“, — ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკო ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა, რომელმაც 64 მანდატი მოიპოვა.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში დარეგისტრირებული იყო 18 პოლიტიკური სუბიექტი: 16 პარტია და 2 ალიანსი. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ და პრორუსი ოლიგარქისა და მოსკოვის მიერ ირიბად მხარდაჭერილი ნარეკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკი „ძლიერი სომხეთი“.

მმართველი პარტიისა და ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური კურსის გამო, ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებისა და სომხეთის ეკონომიკის ღრმა კრიზისის პროგნოზს აკეთებდა.

ცხადი პროდასავლური პოლიტიკური კურსის გამო, ფაშინიანს პირდაპირი და ირიბი მესიჯებით მოსკოვიც ემუქრებოდა და „უკრაინის გზას” ახსენებდა.

ამასთან, არჩევნებამდე გამოქვეყნდა რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, მოსკოვი სხვადასხვა გზით და ქსელით ერეოდა სომხეთის არჩევნებში გავლენის მოსახდენად.

64 მანდატი ფაშინიანის პარტიას – ვინ რამდენი დეპუტატით შედის პარლამენტში

სრულად წაკითხვა