ევროკომისიამ "უკრაინის მხარდამჭერი სესხის" ფარგლებში უკრაინას გამოუყო 3.2 მილიარდი ევრო "პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების შესაძენად.
8 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 3.2 მილიარდი ევროს ტრანში უკრაინას შესაძლებლობას მისცემს უკეთესად დაიცვას საკუთარი ცა რუსეთის განურჩეველი თავდასხმებისგან. აღნიშნული თანხა დაემატება 8.4 მილიარდ ევროს, რომელიც უკვე გამოიყო „უკრაინის მხარდამჭერი სესხის“ ფარგლებში, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს გაავრცელა განცხადება:
„ევროკომისიის გადაწყვეტილებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. უკრაინას სჭირდება „პეტრიოტის“ რაკეტები რუსეთის სარაკეტო ტერორისგან, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების საფრთხისგან თავის დასაცავად".
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევჰენ ხმარამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, უკრაინის თხოვნის სწრაფად განხილვისთვის.
"ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა სწრაფად გარდაიქმნას უკრაინის დაცვის კონკრეტულ შესაძლებლობებად".
„უკრაინის მხარდაჭერის სესხი“ არის უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს მხარდაჭერის მექანიზმი 2026-2027 წლებისთვის. ამ თანხიდან 60 მილიარდი ევრო თავდაცვითი საჭიროებებისთვის არის განსაზღვრული.
2026 წელს უკრაინა სულ მოელის 28.3 მილიარდი ევროს მიღებას „უკრაინის მხარდამჭერი სესხის“ ფარგლებში.
8 სექტემბერს გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავმჯდომარეობით გაიმართა „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის“ მორიგი შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში. მასში მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, რომელმაც განაცხადა:
„გასული წლის განმავლობაში მოკავშირეებმა PURL-ის და „უკრაინისთვის აშშ-ის საგარეო სამხედრო გაყიდვებისთვის“ 10 მილიარდი დოლარი გაიღეს. ეს უმნიშვნელოვანესია და მისასალმებელი".
რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინას ძალიან დროულად სჭირდება მხარდაჭერა, რადგან დაყოვნებები "ადამიანების სიცოცხლედ ფასობს". ალიანსის გენერალურმა მდივანმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნატოს PURL-ის ინიციატივით შეძენილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის:
"ეს დახმარება უწყვეტია და უმნიშვნელოვანესი, უკრაინის მიერ თავისი ქალაქების დასაცავად და ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად".
"რამშტაინის ფორმატის" შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 7 სექტემბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართა ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. ყურადღება გამახვილდა უკრაინის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრას ნატოს გენმდივანი მარკ რუტე გაუძღვა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერჰი ბოევმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე ბრიგადის გენერალ სერჰი სობკოსთან ერთად მოკავშირეებს წარუდგინეს საჰაერო საფრთხეების დეტალური შეფასება.
„მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება აქ და ახლა. ახლა, დროულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახმარების მოცულობა. დრონები და საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაწყვეტენ ამ ზამთრის მიმდინარეობას და იმას - უკრაინა აქედან დასუსტებული გამოვა თუ გაძლიერებული", - განაცხადა ბოევმა.
უკრაინის მხარემ საბჭოს შეხვედრაზე წარმოადგინა აგრეთვე პრიორიტეტული და გადაუდებელი მოთხოვნების სია საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის.
შეხვედრის შემდეგ, უკრაინამ მოკავშირეებს მოუწოდა პოლიტიკურად შესაძლებლიდან ოპერატიულ აუცილებლობაზე გადასვლისკენ, რაც გულისხმობს უკრაინაში სიცოცხლის გადასარჩენად დამატებითი საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობების მიწოდებას.
უკრაინამ პარტნიორებს მოუწოდა ნატოს მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოცხადებული 70 მილიარდი ევროს 2026 წლის წლის ბოლომდე მობილიზებისკენ.
უკრაინის მხარემ აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ალიანსის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება.
„უკრაინის თავზე ჩამოგდებული რუსეთის დრონი ან რაკეტა ვერასდროს მიაღწევს ნატოს ქვეყნამდე, უკრაინაში მოკლული რუსი სამხედრო ვერასდროს მიაღწევს ალიანსის ტერიტორიას“ - განაცხადა ნატოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ალიონა ჰეტმანჩუკმა.
radiotavisupleba ახალი ამბები