WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ონლაინ საფრთხეებისგან ბავშვების დასაცავად შექმნილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას და ონლაინ სერვისებისგან ბავშვებისთვის უსაფრთხო ანგარიშების შექმნის ვალდებულებას.

როიტერსის ცნობით, ეს ნაბიჯი მოჰყვა მსგავს ინიციატივებს ავსტრალიაში, ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რაც ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას იმ გავლენის შესახებ, რომელსაც სოცქსელები ახდენენ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

„დღეს ჩვენი ბავშვები იყენებენ ზოგიერთ ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიას, რაც კი ოდესმე შექმნილა, მაგრამ ის არ არის დამზადებული ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების გათვალისწინებით“, – განუცხადა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შემოთავაზებული „ევროკავშირის ბავშვთა აქტი“ „დააწესებს მკაფიო საზღვრებს ციფრულ სამყაროში ისევე, როგორც ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ რეალურ სამყაროში“.

წინადადების თანახმად, 13-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ანგარიშები მშობლების კონტროლის ქვეშ იქნება.

სოციალური მედია და ვიდეო-გაზიარების სერვისები, ონლაინ ვიდეოთამაშები, ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიონები და ჩეთბოტები 18 წლამდე ბავშვებისთვის დაექვემდებარება სავალდებულო და აკრძალული ქმედებების სიას.

მათ შორისაა დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციების, პროფილზე დაფუძნებული სარეკომენდაციო არხების, უსასრულო ჩამოსქროლვის, ჯილდოების ხრიკებისა და უცხო ადამიანების მხრიდან არასასურველი კონტაქტის აკრძალვა. AI კომპანიონები და ჩეთბოტები გამორთული უნდა იყოს.

ონლაინ პლატფორმებმა უნდა შექმნან ბავშვებისთვის უსაფრთხო ალგორითმები და უზრუნველყონ მარტივად გამოსაყენებელი მშობელთა კონტროლი, ასევე მომხმარებლების დაბლოკვისა და დადუმების (იგივე mute) ინსტრუმენტები.