კიევის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ვალენტინა მოლოდას, რომელიც კიევის ოლქში, უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთ პუნქტთან მომხდარი არეულობის მონაწილეა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, კიევის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა 4 ნოემბერს დააკმაყოფილა და მოლოდას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ვალენტინა მოლოდას ბრალს სდებს თავდაცვის ძალების საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და სამხედრო ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.
- საქმე ეხება კიევის ოლქის სოფელ პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში, უკრაინის ეროვნული გვარდიის პუნქტთან 2 ნოემბერს მომხდარ არეულობას, რომელსაც წინ უძღოდა ცნობები, რომ შენობაში იმყოფებიან დაკავებულები და მათ სცემენ და აწამებენ.
- არეულობას წინ უძღოდა კიევის ოლქის პოლიციაში კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებისგან შესული შეტყობინება, რომ არ უშვებენ ადამიანთან, რომელსაც დახმარება სჭირდება.
- ერთ-ერთი, ვინც სამხედროების „უკანონოდ“ დაკავების შესახებ ცნობები გაავრცელა ვალენტინა მოლოდაა, რომელიც აცხადებდა, რომ სამხედრო პუნქტთან იმყოფებოდა მათ დასახმარებლად.
პროკურატურის და მოლოდას ვერსიები
პროკურატურის თანახმად, გამომძიებლებმა დაადგინეს ვალენტინა მოლოდას მიერ თანხის სანაცვლოდ სამხედრო მოსამსახურეთა „ევაკუაციის“ მომსახურების გაწევის ფაქტი.
ამასთან, ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს ინფორმაცია კიევის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან რუსეთის კავშირის, ან პოლიტიკური ინტერესების შესახებ.
თავად ვალენტინა მოლოდამ კიევის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ მას მიმართა ქალმა და უამბო ნაცნობის შესახებ, რომელიც ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან წაიყვანეს, სარდაფში ჰყავდათ და სცემდნენ.
მოლოდა ირწმუნებოდა, რომ აქვს კლინიკა, რომლის მთავარი ექიმია და შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი მოვალეობა, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება.
მეორე ეჭვმიტანილი
კიევის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ტეტიანა კირეევასაც. პროკურატურის ვერსიით, კირეევა მოლოდას შეუთანხმდა ერთობლივ მოქმედებებზე და გაასაჯაროვა ინფორმაცია სამხედრო ობიექტის მდებარეობის შესახებ.
სასამართლოს სხდომაზე კირეევამ განაცხადა, რომ თავისი დის რჩევით მოლოდას დასახმარებლად მიმართა სოციალური ქსელებით, იცოდა, რომ მომსახურება 107 ათასი გრივნა ღირდა, სამხედრო ობიექტთან კი მივიდა იქ მყოფი ქმრის ჰოსპიტალიზაციის მიზნით და საპროტესტო აქციისკენ არავისთვის მოუწოდებია.
რა მოხდა კიევის ოლქში
2 ნოემბერს კიევის ოლქის სოფელ პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში ერთ-ერთ სახლთან შეიკრიბა ათეულობით ადამიანი, რომლებიც სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობების საფუძველზე აცხადებდნენ, რომ სახლში იმყოფებიან დაკავებულები და მათ აწამებენ.
აქცია პოლიციისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ეს ფაქტი აქტიურად გამოიყენა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ.
უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ განაცხადა, რომ სახლი გამოყენებული იყო პირველი კორპუსის, „აზოვის“ სამხედრო მოსამსახურეთა დროებითი განთავსების პუნქტად.
„აზოვის“ თანახმად, დისლოკაციის ამ პუნქტში იმყოფებოდნენ მობილიზებულები და სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო ნაწილების თვითნებურად დატოვების შემდეგ დააკავეს და შემდგომი სამსახურისთვის განაწილებას ელოდებოდნენ. ამასთან, მოგვიანებით რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაპირისპირებას წინ უძღოდა კიევის ოლქის პოლიციაში კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლების სახელით შესული შეტყობინება, რომ არ უშვებენ ადამიანთან, რომელსაც დახმარება სჭირდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ინციდენტის ადგილას მყოფმა ვალენტინა მოლოდამ თავი წარმოადგინა კომპანია „მედ-პრესტიჟის“ მფლობელად. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ამ კერძო სამედიცინო კომპანიამ მუშაობა ჯერ კიდევ 2023 წელს შეწყვიტა, მისი ფაქტობრივი მფლობელის თანახმად, კი ინციდენტის ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ავტომანქანა 2024 წელს გაყიდა.
მედიამ დაადგინა ისიც, რომ ვალენტინა მოლოდა პლასტიკური ქირურგიის კლინიკის მფლობელია.
გამოძიება
3 ნოემბერს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი წარმოება. საქმე აღძრულია თანამდებობის პირი სამხედროს მიერ ძალაუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. გამომძიებლები ინციდენტთან კავშირის მქონე სხვა პირების ქმედებებსაც იკვლევენ.
საგამოძიებო ბიუროს თანახმად, გამომძიებლები შეამოწმებენ მომხდართან კავშირის მქონე ყველა პირის მოქმედების კანონიერებას, დაადგენენ სახლში სამხედროთა ყოფნის გარემოებებს და პირობებს, შეამოწმებენ ცნობებს მათი იძულების შესახებ და გაარკვევენ კონფლიქტის მიზეზებსა და მსვლელობას.
radiotavisupleba ახალი ამბები