ევროკომისია-რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერება

5 days ago 6

ევროკომისია ამ ეტაპზე სწავლობს “ქართული ოცნების” მიერ გაგზავნილ პასუხს, რომელიც ევროკავშირის წერილს უკავშირდება. როგორც European Pravda-ს ევროკომისიის წარმომადგენელმა განუცხადა, თუ პასუხი და მიღებული ზომები არასაკმარისად ჩაითვლება, შესაძლოა, გააქტიურდეს მექანიზმი, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.

„31 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ მოგვაწოდა პასუხი კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილზე. ახლა ვსწავლობთ წარმოდგენილ ინფორმაციას,“ – აღნიშნა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, კომისია შეაფასებს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს და მათ შესაბამისობას რეკომენდაციებთან. ბრიუსელში კვლავ ელიან კონკრეტულ ქმედებებს “ოცნების” ხელისუფლებისგან.

„თუ რეკომენდაციები გრძელვადიან პერიოდში კვლავ შეუსრულებელი დარჩება, შეფასების დასრულების შემდეგ შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ,“ – თქვა მან.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები გაიყინა, რაც, ევროპული შეფასებით, ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სასამართლო სისტემის რეპრესიული გამოყენების პრობლემას. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

31 აგვისტოს, დადგენილი ვადის ბოლო დღეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკომისიას 55-გვერდიანი ანგარიში წარუდგინა, სადაც ამტკიცებს, რომ „ევროინტეგრაციისადმი ერთგულია“.

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის წყაროს მიხედვით, პასუხები დაუსაბუთებელია და ვერ პასუხობს ევროკომისიის შეშფოთებას.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ გამო, კომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა. რეკომენდაციებით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე უნდა გაეუქმებინა შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდველი კანონები და შეეტანა ცვლილებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებში.

სრულად წაკითხვა