ევროლიგის მოთამაშეებმა შენგელია ყველაზე პატივსაცემ მოთამაშედ აღიარეს

1 day ago 4

საქართველოს ნაკრებისა და ბოლონიური ვირტუსის ქართველი ფორვარდი საპატიო პრიზით დაჯილდოვდა. საქმე ეხება ევროლიგის ერთ-ერთ ინდივიდუალურ ნომინაციას, რომელსაც უშუალოდ მოთამაშეები ავლენენ. გამოკითხვა ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციამ (ELPA) ჩაატარა ევროლიგის მოთამაშეებს შორის “ყველაზე პატივსაცემი კალათბურთელის” გამოსავლენად, რომელიც კაილ ჰაინსის სახელს ატარებს. ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ტიტული თორნიკე შენგელიას ერგო. აქედან კარგად ჩანს, თუ რა დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოს ნაკრების კაპიტანს კოლეგებს შორის.

“მოთამაშე, რომელიც საკალათბურთო სამყაროში დიდი პატივისცემით სარგებლობს და ნამდვილად სამაგალითოა, როგორც მოედანზე, ისევე – მის მიღმა”, – ვკითხულობთ ELPA-ს სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის უმთავრესი მოვალეობა კალათბურთელების ინტერესების დაცვაა. ორგანიზაციის პრეზიდენტი სწორედ შენგელიაა, რომელიც პირველად 2021 წელს აირჩიეს, 2024-ში კი მას ვადა კიდევ ერთხელ გაუგრძელეს.

ELPA-ს ვიცე-პრეზიდენტები ასევე ცნობილი კალათბურთელები – ალეკ პიტერსი (ოლიმპიაკოსი), დონატას მოტეიუნასი (მონაკო), ტომაშ სატორანსკი (ბარსელონა) და მარიო ჰეზონია (რეალი) არიან.

gbf.ge

სრულად წაკითხვა