01.05.202601.05.2026
5 მაისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი კენჭს უყრის რიგით მეორე ანგარიშს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ.
საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე.
ყოველწლიური ანგარიში, რომელზეც ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ. ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს პროგრესს კომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე და მიიღებს რეზოლუციას, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს შესახებ.
„ევროპარლამენტი გმობს იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ტრაექტორია სრული ავტორიტარიზმისკენ“, — ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ანგარიშის ფარგლებში მისაღები რეზოლუციის პროექტი ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობასთან და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ის ხაზს უსვამს, რომ ბოლო ანგარიშის შემდეგ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო გაძლიერდა — მმართველი პარტია აგრძელებს ევროკავშირის წინააღმდეგ ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და რეპრესიული კანონების მიღებას, ასევე პოლიტიკური ოპონენტების დევნას.
რეზოლუციის პროექტით:
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ და მხარს უჭერს სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ;
- შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას მანამ, სანამ არ მოხდება რეპრესიების, შეზღუდვებისა და სასტიკი ანტიევროპული დეზინფორმაციის ამჟამინდელი კურსის მკაფიო შემობრუნება. მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეინარჩუნონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების საკითხში;
- სინანულით აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ არაა თანხვედრაში რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ტერიტორიის ან ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდავი ზომებისთვის გვერდის ავლის მიზნით;
- აღნიშნავს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახორციელებს სტრატეგიულ შემობრუნებას ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ;
- კიდევ ერთხელ უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას და უწყვეტ „ბორდერიზაციის“ პროცესს.
რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული დოკუმენტში ინიციირებულია 305 შესწორება. საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღების შემდეგ, ანგარიში პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე ივნისის შუა რიცხვებში გავა.

3 days ago
1






English (US) ·
Georgian (GE) ·