ევროპარლამენტის რეზოლუციას პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა

1 week ago 12

ევროპარლამენტმა 25 აპრილს რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ. რეზოლუციას მხარი 425 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 30-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია 22 აპრილს ევროპარლამენტარების მიერ წარდგენილი რეზოლუციის ხუთი პროექტის შეჯამებული ვერსიაა და მოიცავს ხუთ შესწორებას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ანტი-ლგბტქ+ საკონსტიტუციო ცვლილებების უკან გაწვევის თაობაზე.

სამოქალაქო საქართველოევროპარლამენტის რეზოლუციაზე ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებაში დამტკიცდა არაერთხელ…  პირველი  არ არის ასეთი დეკლარაცია, უკვე მეოთხეა. როგორც წინა სამ დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. ასე დარჩება ეს დეკლარაციაც. სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივისთვის“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება: „ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიცირებასაც კი), ჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი! იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია! მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! ამავე დროს, რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება! ეს ნიშნავს, რომ  ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!“

კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, თბილისი მერი: „მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ ჩვენ… არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის როგორც კონკრეტული ზოგიერთი  ევროპარლამენტარი. სამარცხვინოს დავარქმევდი მე აღნიშნულ რეზოლუციას… ამოიღეთ, ნახეთ რა რეზოლუციებს იღებდნენ, არაფერი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს… ის რასაც დღეს ვისმენთ ამ რეზოლუციებით, განცხადებებით… ძალიან დაშორებულია დემოკრატიას და დემოკრატიულ ღირებულებებს“.  

ოპოზიცია

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „უმძიმესი რეალობის წინაშე დავდექით ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ. ფაქტობრივად ყველა ის ნაშრომი რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობებს აქვთ, წყალში იყრება… ხომ ხედავთ რუსული კანონი და ევროკავშირი არის შეუთავსებელი ერთმანეთისთვის… რას ეუბნებით თქვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, ჩვენს ისტორიას, აწმყოს და მომავალს, რომ… აირჩიეთ გზა, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანი არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ წახვედით? დაფიქრდით, რას გაძალებთ და რას გაკეთებინებთ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], უბრალოდ დაფიქრდით რა მდგომარეობაში აგდებთ ქვეყანას… მერწმუნეთ უკან დახევა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის სირცხვილი“.  

მამუკა ხაზარაძე, „ლელო საქართველოსთვის“: „ან ევროკავშირი, ან საქართველო პუტინის რუსეთში – ამ არჩევანის წინაშე დაგვაყენა ბიძინამ. სრული მობილიზაციაა საჭირო ქვეყნის ისტორიული არჩევანის გადასარჩენად“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „როცა ამ რეზოლუციას იღებდნენ ევროპარლამენტარები პირველ რიგში ყველაზე მეტად იმაზე წუხდნენ, რომ იმის ნაცვლად, საუბრობდნენ საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე…  მათ უწევთ იმ უზარმაზარ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ წარმოშობს ქართველი ხალხისთვის. ნამდვილად წერია რეზოლუციაში, რომ ვერ გაიხსნება  საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის მხრიდან, სანამ ეს რუსული კანონი არ იქნება გაწვეული. ეს არის უზარმაზარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა