2026 წლის 15 სექტემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა წინადადება, გაუქმდეს ევროკავშირის საბაჟო ტარიფები სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასმელების იმპორტზე - იმ საქონელზე, რომლის შეტანაც რუსეთმა მიმდინარე წლის დასაწყისში, ფაქტობრივად, აკრძალა.
ეს არის შეთანხმება დროებითი ზომების შესახებ, რომელიც სომხეთმა ევროკავშირის საბჭოსთან 3 სექტემბერს შეათანხმა. მისი ფორმალური დასახელებაა „ავტონომიური სავაჭრო ზომები“ (ATM).
ევროკავშირში სომხეთის ელჩმა ტიგრან ბალაიანმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უწოდა „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავების გზაზე“.
- ევროპარლამენტის 15 სექტემბრის სესიას 671 დეპუტატი ესწრებოდა;
- მათგან 583-მა - 86%-მა - მხარი დაუჭირა ცვლილებებს;
- წინააღმდეგ 49 წავიდა, ხოლო 39-მა თავი შეიკავა.
ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირში მიწოდებული სომხური საქონლის დაახლოებით 80%-ის მიმართ გაუქმდება იმპორტის საბაჟო გადასახადები, - ეს ზომა კი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
ევროპული ტარიფები არ იმოქმედებს სომხური ახალი ბოსტნეულის, ხილისა და მცენარეების 99%-ზე, რომლებიც მანამდე რუსეთში გაჰქონდათ, ასევე სომხეთიდან იმპორტირებული სასმელებისა და ალკოჰოლის 91%-ზე.
დამტკიცებული ზომები მიზნად ისახავს ევროკავშირსა და სომხეთს შორის სავაჭრო კავშირების განმტკიცებასა და ევროკავშირის მიერ ერევნის მხარდაჭერას, - მის წინააღმდეგ მოსკოვის დე ფაქტო ემბარგოს დაწესების ფონზე.
- რუსეთმა სომხეთიდან იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე, ბოსტნეულზე, ხილზე, ყვავილებზე, ალკოჰოლზე, წყალსა და თევზის პროდუქციაზე შეზღუდვები დააწესა;
- ეს ნაბიჯები მოსკოვმა გადადგა ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების გეგმების შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებების ფონზე;
- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერევნისგან მოითხოვს, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, რათა მოსკოვმა შეძლოს გაგება, თუ „როგორ განავითაროს ურთიერთობები სამომავლოდ“.
radiotavisupleba ახალი ამბები