ევროპარლამენტში იმსჯელეს საქართველოში ვითარების გაუარესებაზე და სანქციები მოითხოვეს

5 hours ago 2

ევროპარლამენტში საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებაზე დებატები გაიმართა.

საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროკომისიის პოზიცია წარმოადგინა კომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მარგუს ბრუნერმა და თქვა, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა საგანგაშოა.

„უკვე 50 დღეზე მეტია, ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოდიან ქუჩებში უპრეცედენტო საპროტესტო აქციებით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილის დემოკრატიული მომავლისთვის, ასევე მათი ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციისთვის. მათ უპასუხეს ძალადობრივი რეპრესიებით, დაშინებით და დაპატიმრებებით“, — განაცხადა ბრუნერმა.

ბრუნერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და ძირს უთხრის ასევე დემოკრატიულ მმართველობას. ასევე, მიუღებელი უწოდა ძალადობას და სიძულვილის ენას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, საჯარო მოხელეების პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებასა და მუქარას სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

„სამართალდამცავი სტრუქტურების არცერთ წარმომადგენელს ბრალი არ წარდგენია, მიუხედავად საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობისა და საქართველოს ომბუდსმენის მძიმე ბრალდებებისა დაკავებულ მომიტინგეების წამების შესახებ. ასეთი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკავშირი აგრძელებს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღონ სწრაფი ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ძალადობის ფაქტები გამოიძიონ და ამ უკანონო ქმედებებში ჩართულმა სამართალდამცავებმა პასუხი აგონ“, — განაცხადა ბრუნერმა.

ამასთან, ევროკომისია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებასთან დიალოგისკენ და ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლიდა მოქმედებების კურსს, თუმცა „სამწუხაროდ, ხელისუფლებას ქმედებები არ შეუცვლია“.

ევროკომისარმა ჩამოთვალა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საპასუხო ზომები, რომელიც უკვე სახეზეა და მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი ნაბიჯების განხილვაზე.

„დეკემბრის საგარეო საქმეთა საბჭოზე წევრი ქვეყნები საყოველთაოდ შეთანხმდნენ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესის დაწყებაზე. კომისიამ წინადადება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სწრაფად მოამზადა და შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს უნდა იყოს მიღებული. გასულ წელს საგარეო საქმეთა საბჭომ ასევე გამართა პირველი დისკუსია მომიტინგეების მიმართ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე, 27 იანვარს გაგრძელდება წევრი ქვეყნების დისკუსიები საქართველოს შესახებ. ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებდით თვალს ამ პალატაში განხილვებს და აბსოლუტური უმრავლესობით მიღებულ რეზოლუციებს. მზად ვართ განვიხილოთ შემდგომი ზომები საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“, — განაცხადა ბრუნერმა.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), რასა იუკნევიჩიანემ ევროკავშირს კიდევ ერთხელ მოუწოდა ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში პროტესტის ძალადობრივ ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებისკენ.

„მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ ქვეყნებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებებისგან, რომლებიც „ქართული ოცნების“ თვითდანიშნული ხელისუფლების ლეგიტიმაციას მოახდენს. ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობა კვლავ მძაფრდება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია სასტიკად სცემეს; თავს დაესხნენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომელიც ორ თვიან [წინასწარ] პატიმრობაშია. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირებისთვის, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, — განაცხადა იუკნევიჩიანემ.

EPP-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, პოლონელმა მიჰალ შჩერბამ თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესება ევროკავშირის სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს.

„ბოლო არჩევნები მოიპარეს და ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილია. რაც ახლა გვჭირდება, მოქმედებაა. ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს უნდა დაუწესდეთ სანქციები, აქტივების გაყინვის ჩათვლით. მივმართავ ევროკომისიას და საბჭოს — შეასრულეთ თქვენი საქმე. ჩვენ უნდა ვიდგეთ ქართველებთან ერთად. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ის გვჭირდება“, — განაცხადა მან.

ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობაზე და პოლიტიკოსების, მედიის და მომიტინგეების მიმართ ძალადობაზე. ყურადღება გამახვილდა გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე, ასევე მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის დაკავებაზე.

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, ტობიას კრემერის თქმით, გიორგი გახარიას ცემა იზოლირებული ინციდენტი არ არის და ბოლო პერიოდში 400-ზე მეტი ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს, აწამეს და დააპატიმრეს.

„ძალადობის ესკალაცია არა — სიძლიერის, არამედ იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია. ისინი პანიკაში არიან, რადგან სათანადოდ ვერ შეაფასეს ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის ძალა. მათ ეგონათ, რომ შეეძლოთ არჩევნების გაყალბება და დეზინფორმაციითა და დაშინებით რუსული სახელმძღვანელოთი თამაში თავიანთი ძალაუფლების გასამტკიცებლად. მაგრამ ახლა ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ ეს იყო შეთანხმება ეშმაკთან. პუტინი არ ეძებს პარტნიორებს ან მოკავშირეებს, არამედ ვასალებს და კოლონიებს. ჩვენ ვნახეთ ეს სირიაში. პუტინზე დაყრდნობა არსად მიგიყვანთ, გარდა რუსული დევნილობისა“, — განაცხადა ტობიას კრემერმა.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიჰალ ვავრიკევიჩმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წაიკითხა ამონარიდი მზია ამაღლობელის წერილიდან: „არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.

„მამაცი ქართველი ჟურნალისტის ეს მძლავრი სიტყვა გვახსენებს, რამდენად მძიმეა დღეს საქართველოში მდგომარეობა. დგას რა ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მე ვდგავარ მის მასთან და ყველა ფანტასტიკურ ხალხთან ერთად თბილისისა თუ ბათუმის ქუჩებში. და უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ქართველი ვარ“, — თქვა ვავრიკევიჩმა.

ევროპარლამენტარებმა გააკრიტიკეს აღმასრულებელი ხელისუფლება მკაცრი საპასუხო ზომების დაყოვნების გამო და მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების დაუყოვნებელი სანქცირება.

„საქართველოში ევროკავშირი არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია. არჩევნები მოიპარეს და არც ახალი პრეზიდენტი, არც მთავრობა და არც პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. ბატონო კომისარო, მე ჯერ კიდევ ველოდები, რომ მკაფიოდ იტყვით ამას, როგორც ჩვენმა, პარლამენტმა გავაკეთეთ. მოსახლეობა 55 დღეა, აპროტესტებს. ქართველები ქუჩებში ევროპული დროშებით გამოდიან, მათ სჯერათ ევროპის — ისინი ამას იმსახურებენ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი თანმიმდევრულად და სწორად გვაფრთხილებს: ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მარტო ქართველებისთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და შესაბამისად, ჩვენთვისაც. ამ დროისთვის საქართველოში ანგარიშია: პუტინი — 1, ევროპა — 0. დემოკრატიისთვის მატჩი არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ წავაგოთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ (საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe).

კრიტიკას შეუერთა რაინიე ვან ლანშოტი (ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი), რომელიც, ლუაზოს მსგავსად, ცოტა ხნის წინ იყოფებოდა საქართველოში:

„ბატონო პრეზიდენტო, დღეს გარეთ ცივა, ასე რომ წარმოიდგინეთ გარეთ გასვლა და იქ დგომა მომდევნო ექვსი საათის განმავლობაში. შენ კანკალებ, მუცელი გტკივა და გეშინია, რომ პოლიციამ შეიძლება უმიზეზოდ გცემოს. სახლში დივანზე ჯდომა, ოჯახთან ერთად, ბევრად უკეთესი იქნება. მაგრამ შენ რჩები და ხვალ ისევ წახვალ, როგორც ამას აკეთებდი ბოლო 55 დღის განმავლობაში, რადგან გინდა, რომ შენმა ქვეყანამ შეწყვიტოს დიქტატურად ქცევა. იმიტომ, რომ გინდა, რომ შენს ქვეყანას ჰქონდეს დემოკრატია და თავისუფლება, იმიტომ რომ გინდა, რომ შენი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ახლა, როგორ იგრძნობდით თავს, თუ იგივე კავშირი, თვეების დებატების შემდეგ, გადაწყვეტს, რომ უბრალოდ, ამ მჩაგვრელი რეჟიმის მოხელეებს თვითმფრინავით მგზავრობა გაურთულონ? ევროკომისიავ, რას ელოდებით? საქართველოს სჭირდება ჩვენი დახმარება! იმოგზაურეთ თბილისში, მხარი დაუჭირეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და აღასრულეთ რეალური სანქციები!“, — მიმართა ევროკომისიას ლანშოტმა.

ტრადიციულად „ქართული ოცნების“ პოზიციები დაიცვეს ევროსკეპტიკოსმა და პრორუსმა დეპუტატებმა „ქართული ოცნების“ თანამოაზრე ჯგუფებიდან. ბაშარ ალ ასადის და ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ცნობილმა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ („პატრიოტები ევროპისთვის“) თქვა, რომ საქართველოს ხალხმა გააკეთა არჩევანი და ეუთომ იგი დაადასტურა.

„მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევის შემდეგ, ბრიუსელმა გაზარდა ჩარევა ქართველების არჩევანზე უარის თქმის მიზნით. და რაც შეეხება ძალადობას, რომელზეც დუმილს ინარჩუნებთ? 150-ზე მეტი ქართველი პოლიციელი დაშავდა. თბილისში ევროკავშირი არა დემოკრატიის მფარველი, არამედ ქაოსის თანამონაწილეა. ქართველებს უნდათ ევროპა, მაგრამ ევროპა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, რადგან საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოს არ სურს გახდეს ბრიუსელის კოლონია“, — განაცხადა მარიანიმ.

მემარცხენეების წევრმა დანილო დელა ვალემ თქვა, რომ საქართველოში არაერთი პრობლემა, ბოლოდროინდელი კანონების ჩათვლით, მაგრამ ეს არ ამართლებს „ევროპული ელიტის ნება-სურვილს, შეცვალოს არჩევნების შედეგი“.

„სუვერენული ერების ევროპის“ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ტომაშ ფროელიხმა (AFD, გერმანია) აღნიშნა, რომ ქართველებს სურთ ქრისტიანული ღირებულებები „ვოუქი“ იდეოლოგიის ნაცვლად, სუვერენიტეტი — დასავლეთთან კავშირების ნაცვლად, მშვიდობა — ომის მაგივრად და არ სურთ პოლიტიკური ჩარევა არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან და არც ვაშინგტონიდან.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში წარმატებას მიაღწია ომისა და დასავლეთის მიერ დაშინების პოლიტიკის ან სხვადასხვა შეთქმულების თეორიების გამოყენების წყალობით. მათი საეჭვო შედეგი ასევე გამოწვეული იყო ამ პარტიის მფლობელი ოლიგარქის მიერ მედიის კონტროლით. გასაკვირი არ არის, რომ ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში. მთავრობის პასუხი გრძელვადიან საპროტესტო აქციებზე სრულიად არაადეკვატურია. ჩვენ თვალს ვადევნებთ პოლიციის სასტიკ ინტერვენციებს დემონსტრანტების მიმართ, რეჟიმის წევრების მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ცემას. ვხედავთ ძალადობრივ ქმედებებს ყველას დასაშინებლად, ვისაც აწუხებს უცნაური არჩევნები და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის რუსეთისკენ შემობრუნება. მოდით, გავაგრძელოთ პროდასავლური პოლიტიკური ძალების და სანქციების მხარდაჭერა მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარი მოქალაქეებს დაუპირისპირდა“, — მოუწოდა ევროპელებს ECR ჯგუფის წევრმა ვერონიკა ვრეციონოვამ.

თებერვალში ევროპარლამენტი გეგმავს რეზოლუციის მიღებას საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებაზე.

სრულად წაკითხვა