ბრიტანეთის უცხოეთის დაზვერვის მეთაური რუსეთის ქმედებას "გამაოგნებლად უგუნურ კამპანიას" უწოდებს. რიჩარდ მური რუსეთის ბირთვულ რიტორიკას "ბირთვული იარაღის ჟღარუნის" გაზრდად მოიხსენიებს, რათა ამით სხვა ქვეყნები დაფრთხნენ და უკრაინის დახმარებისგან თავი შეიკავონ.
მური ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის (MI6) უფროსია. 29 ნოემბერს ის სიტყვით გამოვიდა პარიზში, ბრიტანეთის საელჩოს შენობაში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე.
მურის თქმით, უკრაინის დახმარების შესუსტება, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან დაწყებული, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას უმკლავდება, გააძლიერებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის მოკავშირეებს. ის აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად, ევროპა მტკიცედ უნდა იდგეს რუსეთის მზარდი აგრესიის პირისპირ.
„ჩვენ ახლახან ევროპაში რუსეთის დივერსიის გამაოგნებლად უგუნური კამპანია გამოვავლინეთ, იმ ფონზე, როცა პუტინი და მისი მიმდევრები ბირთვულ იარაღს აჟღარუნებენ, რათა დათესონ შიში უკრაინის დახმარების შედეგებთან დაკავშირებით“, - თქვა მან პარიზში გამოსვლისას.
მურის თქმით, "უკრაინის მხარდაჭერის საფასური კარგად არის ცნობილი, მაგრამ ამის არგაკეთება უსასრულოდ ძვირი დაჯდება. თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ჩინეთი შედეგებს აწონ-დაწონის, ჩრდილოეთ კორეა გათამამდება და ირანი კიდევ უფრო საშიში გახდება".