ევროპის საბჭოს 2025 წლის ანგარიშში საქართველო პატიმრების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა

4 days ago 10

ევროპის საბჭოს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომელიც 2025 წლის 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მეოთხე ადგილზეა, 100 000 მოსახლეზე 232 პატიმრით.

ანგარიშში მხოლოდ თურქეთში (100 000 მოსახლეზე 458 პატიმარი), აზერბაიჯანსა (271) და მოლდოვაში (245) გამოვლინდა საქართველოზე მაღალი მაჩვენებლები. დოკუმენტის თანახმად, პატიმრების ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონშია კონცენტრირებული, „სადაც სისტემები, როგორც წესი, პატიმრობის სანქციების გამოყენებას ემხრობიან“.

ამავდროულად, საქართველო იმ ექვს ევროპულ ქვეყანას შორის იყო – უკრაინასთან, სლოვაკეთთან, ალბანეთთან, ესტონეთთან და პოლონეთთან ერთად – სადაც 2024-2025 წლებში პატიმრობის მაჩვენებლები „მნიშვნელოვნად შემცირდა“ (5%-ზე მეტი). ანგარიშის თანახმად, საქართველოში წლიურად 11%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კლებაა.

ევროპის საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ციხეების მონაცემები არ მოიცავს მთავრობის კონტროლს არდაქვემდებარებულ ტერიტორიებს და დასძინა, რომ „100 000 მოსახლეზე მაჩვენებლის გამოსათვლელად გამოყენებული მოსახლეობის მაჩვენებლები შესაძლოა სრულად არ ითვალისწინებდეს ამ ტერიტორიულ გამონაკლისებს, რაც პოტენციურად გავლენას ახდენს გამოთვლილი მაჩვენებლების სიზუსტეზე“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს საქართველოში 22 767 ადამიანი იყო გასამართლებული, მათ შორის 21 595 მამაკაცი და 1 172 ქალი. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2001 წლის შემდეგ, როდესაც შედარებითი მონაცემები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და თითქმის 6000-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 16 961 იყო. 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 18 547 შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ყველა მსჯავრდებული პირიდან, მათ შორის როგორც თავისუფლების აღკვეთის, ასევე არასაპატიმრო სასჯელის მიმღები პირებიდან, 50.1%-მა პირობითი მსჯავრი მიიღო, 24.4%-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,  ხოლო 20.2%-ს ჯარიმა დაეკისრა 2025 წელს.

საქსტატის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ საქართველოში 2025 წელს 11 153 პატიმარი იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. მანამდე პიკი 2011 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაფიქსირდა, როდესაც ციხეებში 24 114 პატიმარი იყო. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 9 093-მდე შემცირდა.

„საქსტატის“ მონაცემებმა საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურს განცხადების გამოქვეყნებისკენ უბიძგა. 15 მაისს მან განმარტა, რომ „საქსტატის“ მონაცემი მოიცავს „ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს – როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან“.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელებს“, – განაცხადა სამსახურმა. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სასჯელს იხდიან მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები“.

უწყების ინფორმაციით, „2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული“.

თუმცა, ეს მაჩვენებელი მაინც განსხვავდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მითითებული მაჩვენებლისგან (11 153). რამდენიმე ინტერპრეტაციის თანახმად, „საქსტატის“ 11,1530-იანი მაჩვენებელი ასევე მოიცავს წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს, რომლებიც საბოლოო განაჩენს ელოდებიან, ხოლო სასჯელაღსრულების სამსახურის 8,702-იანი მაჩვენებელი ეხება მათ, ვისაც უკვე აღეკვეთა თავისუფლება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა