WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რათა „საქართველოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) საქმეზე წარდგენილ საჩივარში მესამე მხარედ ჩართულიყო. მისი მტკიცებით, კანონი შეზღუდვების უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებას ისახავს მიზნად.

ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ჯგუფმა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), FARA-ს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ერთობლივი საჩივრით 2025 წლის სექტემბერში მიმართა. საიამ აპრილში განაცხადა, რომ სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო.

„ქართული FARA-ს 2025 წლის 1 აპრილს ამოქმედება შემზღუდავი ზომების უფრო ფართო სქემის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებას ისახავს მიზნად“, – ამბობს ოფლაერტი 8 სექტემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. „ქართული FARA-ს მიზანი შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დისკრედიტაცია იყოს“.

კომისარი აღნიშნავს, რომ FARA მოქმედებს 2024 წლის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან [ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი] ერთად და არანაირად არ ანაცვლებს მას, ხოლო FARA-ს მიღების შემდეგ, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა უცხოური გრანტების, მაუწყებლების უცხოური დაფინანსების, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების  შესახებ კანონებში.

დოკუმენტში ოფლაერტი შეშფოთებას გამოთქვამს კანონში არსებული ბუნდოვანი დებულებების გამო და კონტროლის დონეს რუსეთის უცხოელი აგენტების შესახებ კანონს ადარებს.

კომისარი აცხადებს, რომ კანონი შეიცავს ბუნდოვან ფორმულირებებს და „პოლიტიკურ საქმიანობას” ზედმეტად ფართოდ განმარტავს, რაც შლის ზღვარს ლეგიტიმურ საერთაშორისო თანამშრომლობასა და ფარულ უცხოურ ჩარევას შორის და ართულებს იმის გაგებას, თუ ვისზე ვრცელდება კანონი.

მისი თქმით, თავად ტერმინის „აგენტი“ გამოყენებას აქვს სტიგმატიზაციის ეფექტი. „ქართული FARA-ს ამოქმედებამ თავისთავად მნიშვნელოვანი სტიგმატიზაციის ეფექტი მოახდინა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციაზე“, – ამბობს კომისარი და აღნიშნავს, რომ ამ ეფექტს აძლიერებს რიტორიკა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს „სახელმწიფოს მტრებად“ წარმოაჩენს.

კომისრის მტკიცებით, ქართული FARA-ს დებულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ „კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის“ მოთხოვნებს, რომლებიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.

„არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქართული FARA-ს მიერ გაცხადებულ მიზანს, უზრუნველყოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით“, – დასძენს კომისარი.

This post is also available in: English