ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 6 მაისს საქართველოში კონფლიქტის შესახებ მიღებულ მე-13 გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ გამოხატა „ცალსახა მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დაგმო რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მოსკოვს ამ ქმედებების შეცვლისკენ მოუწოდა.
გადაწყვეტილება მიესალმება ევროპის საბჭოს სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურების მე-4 სამიტზე მიღებულ 2023 წლის რეიკიავიკის დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს „შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან“, ასევე „კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
გადაწყვეტილების თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაახლოებით 17 წლის თავზე, რუსეთი „აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას“, მათ შორის „უკანონო სამხედრო ყოფნის“, „გაძლიერებული სამხედრო წვრთნებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერების“, ჩორჩანას/წნელისის ტერიტორიაზე ღობეების მონტაჟისა და „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების“ გზით.
კომიტეტი ასევე შეეხო მოსკოვის 2025 წლის გადაწყვეტილებას, რომელიც ორი რეგიონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს, და აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, „არ აქვს იურიდიული ძალა და კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას ადგილზე“.
დოკუმენტში შეშფოთებას გამოხატავს „ადგილზე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხებისა და ნდობის აღდგენის ძალისხმევის შეზღუდვის“ გამო და მოუწოდებს რუსეთს, „შეაჩეროს და შეცვალოს ეს უკანონო პროცესი“ და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
გადაწყვეტილება მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც დაადგინა რუსეთის, როგორც ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კომიტეტი „ღრმა სინანულს“ გამოთქვამს იმის გამო, რომ განმეორებითი მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს „გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას“, რაც ოჯახებსა და თემებს ერთმანეთისგან ყოფს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს აფერხებს.
კომიტეტმა „სერიოზული“ და „ღრმა“ შეშფოთება გამოხატა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „გამშვებ პუნქტებზე“ გადაადგილების შესაძლებლობების შეზღუდვასთან დაკავშირებით. კომიტეტის თქმით, ორივე რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობა „კიდევ უფრო უარესდება“.
დოკუმენტში „განსაკუთრებული შეშფოთებაა“ გამოთქმული „ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე ქართველების დისკრიმინაციის გაგრძელების“ გამო ორივე ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში.
კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების მიმართ და ხაზი გაუსვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, უზრუნველყოს პირობები „ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის“, დაასრულოს ეთნიკური დისკრიმინაცია, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევის პოლიტიკა, მოხსნას გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, და გახსნას გამშშვები პუნქტები.
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·