ევროპული პარლამენტი რეზოლუციას მიიღებს "ყალბ არჩევნებზე" ბელარუსში

3 hours ago 4

ევროპული პარლამენტი 21 იანვარს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც მიემართება ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებს და უკანონო არჩევნებს, ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პირობებში.

რადიო თავისუფლება გაეცნო რეზოლუციის პროექტს, რომელშიც მკაცრადაა დაგმობილი 26 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, ის შეფასებულია როგორც "ყალბი", რეპრესიული გარემოს და დემოკრატიული სტანდარტების ნაკლებობის გამო.

მოელიან, რომ არჩევნებში ლუკაშენკა გაიმარჯვებს - რომელიც 1994 წლიდანაა პრეზიდენტი.

საარჩევნო კამპანიის დროს ხორციელდება ზეწოლა ამომრჩევლებზე, ახშობენ დამოუკიდებელ მედიას, მონაწილეობას უკრძალავენ დემოკრატ კანდიდატებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 17 იანვარს თქვა, რომ ბელარუსის "რეპრესიული გარემო" არ უშვებს თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს.

ევროპის პარლამენტის რეზოლუციის პროექტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ლუკაშენკას პრეზიდენტობა არ არის აღიარებული და გამოდის თავისუფალი და სამართლიანი კენჭისყრის ჩატარების მოწოდებით.

რეზოლუცია გმობს ბელარუსში ადამიანის უფლებების სისტემატიურ დარღვევას, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს და ქვეყნის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში. რეზოლუცია მხარდაჭერას უცხადებს ბელარუს ხალხს, დემოკრატიისკენ და ადამიანის უფლებებისკენ სწრაფვაში.

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ბელარუსის ციხეებში იმყოფება 1250-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, რომელთაგან ბევრი წამების, სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობის და სამედიცინო მომსახურების უარყოფის მსხვერპლია.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ადვოკატები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკური აქტივისტები ბელარუსში კვლავ რეპრესიების მსხვერპლნი არიან.

ბელარუსის სახელმწიფო მაუწყებელმა, ONT-მა გასულ კვირაში გაავრცელა პროპაგანდისტული ფილმების ციკლი, სათაურით "სვაბოდა სლოვა" ("სიტყვის თავისუფლება"), რომლებიც მოიცავდა ინტერვიუებს რადიო თავისუფლების პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტებთან.

ევროპული პარლამენტის რეზოლუციის პროექტი ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდებს ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევა გამოიძიონ უნვერსალური კანონმდებლობით - სამართლებრივი პრინციპით, რომელიც სახელმწიფოებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს უხელმძღვანელონ სისხლის სამართლებრივ წარმოებას ბრალდებულის მიმართ, იმის მიუხედავად, თუ სად იყო ჩადენილი დანაშაული; მხარი დაუჭირონ ლიეტუვის ინიციატივას ბელარუსის წარდგენაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის; და აღრიცხონ და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააყენონ ლუკაშენკას რეჟიმის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე.

რეზოლუციის პროექტი აქებს ბელარუსის დემოკრატიული ძალების და სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობას. ის გამოდის მათთვის ევროკავშირის მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით - მათ შორის ვიზების, სტიპენდიების და უცხოეთში მცხოვრები ბელარუსებისთვის გრანტების გამოყოფის ფორმით; დევნისგან გაქცეულთათვის სავიზო პროცესის გამარტივებით და სარეაბილიტაციო პროგრამებით პოლიტიკური პატიმრებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

რეზოლუციის პროექტი მხარდაჭერას უცხადებს ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს, რომლებსაც სათავეში უდგას უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციონერი, სვიატლანა ციხანოუსკაია. დოკუმენტი დემოკრატიულ ძალებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

სრულად წაკითხვა