ევროპული საბჭო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს და „ქართული ოცნების“ ქმედებებზე „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს

1 day ago 2

2024 წლის 19 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის წინ, რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა ჟურნალისტებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, სადაც შეშფოთება გამოხატა ქვეყნის ანტიდემოკრატიული ტრაექტორიისა და ევროპული გზიდან გადახვევის გამო. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ევროპული გზიდან გადახვევას ეწინააღმდეგებიან.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის შენარჩუნების მნიშვნელობას. „ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა რეალურად მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ მან არ გამოიყენოს ძალა მომიტინგეების მიმართ, არ დაჩაგროს ოპოზიცია და ასევე გავაგზავნით ძალიან ძლიერ სიგნალს ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ ვიმსჯელეთ სანქციებზე, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ამაზე შემდგომი მუშაობა გვჭირდება“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ავტორიტარიზმის მზარდ ტენდენციას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა: „თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯს, ამას სხვები გააკეთებენ“. მისი თქმით, „ჩვენი მოწოდებაა ქართველების მიმართ, რომ არ მიატოვონ ევროპული გზა. ჩვენ მნიშვნელოვანი დაპირება გვაქვს იმ ხალხისთვის, ვინც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, რომ ჩვენ არ დავხურავთ კარებს იმ ხალხისთვის, რომელთა შორის საქართველოს ხალხია, რომლებიც დღეს ქუჩებში რჩებიან ევროკავშირის დროშებით. ჩვენ მათ არ მივატოვებთ“, – აღნიშნა მან. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოზე პრესკონფერენციის დროსაც ისაუბრა: „ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ და ვიყოთ უფრო მკაფიო“. მისი თქმით, რუსეთის ჩარევა აგრძელებს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციას. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროპა მათ მოწოდებებს ქმედებებით უპასუხებს“, – დასძინა მან.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი და ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი და ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ნებას. მან განაცხადა, რომ „მე ჩემი გულის სიღრმიდან საქართველოს მეგობარი ვარ. საქართველოს მოსახლეობის 80% მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა წაართვას ევროპული ოცნება ქვეყნის უმრავლესობას“.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ ასევე გაუსვა ხაზი საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელების მნიშვნელობას „მზარდი გარე გავლენის“ ფონზე. მან განაცხადა: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა და პროევროპელების მხარდაჭერა საქართველოში და არ შევქმნათ იმიჯი, რომ ზურგს ვაქცევთ საქართველოს… ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება პოლიტიკურად, მაგრამ ასევე ვხედავთ გავლენებს საქართველოზე“.

საბჭოს დასკვნები საქართველოს შესახებ

ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  დასკვნები გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“. საბჭომ სინანული გამოთქვა მმართველი პარტიის გადაწყვეტილების გამო, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.  

„ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, „თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის დღევანდელ კურსს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა